ბიუიკ ჯიენიქსი, შევროლეტი, ბუიკი, შევროლე, შევროლე ელ კამინო, ბუიკ ჯიენიქსი
Aa
Aa

აუქციონზე Buick GNX-ისა და Chevy El Camino-ს „ნაჯვარი“ იყიდება

ის, რაც ტუნერის თავში შეიძლება დაიბადოს, რიგით ავტომოყვარულს იშვიათად მოაფიქრდება — ამჯერად Cars & Bids-ის აუქციონზე „სიგიჟის“ სწორედ ერთ-ერთი ასეთი ნიმუში იყიდება — 1983 წლის Chevrolet El Camino-სა და Buick GNX-ის გაერთიანების ულამაზესი შედეგი... 

ტუნერებმა აშკარად ძალიან ბევრი იმუშავეს, რათა თავიანთი ნაშრომი ქარხნული GNX-სთვის მიემსგავსებინათ — ამისათვის მათ გააფართოვეს ბორბლების თაღები, შეცვალეს ბამპერის, კაპოტისა და ფრთების ფორმები და ინტერიერიც სრულად დააკოპირეს: შედეგი ბრწყინვალეა — მანქანას წინიდან რომ შეხედოთ, გაგიჭირდებათ იმის გაფიქრება, რომ ეს Buick-ი არ არის. 

მეტიც, კაპოტის ქვეშ ტურბოკომპრესორის მქონე 4.1-ლიტრიანი Buick V6 ძრავა დაგხვდებათ ძველი 5-ლიტრიანი V8-ის ნაცვლად. Precision-ის ტურბოკომპრესორი ძალურ აგრეგატს 470 ცხ.ძ-ისა და 580 ნიუტონის გამომუშავების საშუალებას აძლევს. ეს რიცხვები უკანა თვლებს THM200-R4 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება — ჩათვალეთ, საბურავების განწირული კივილი და კვამლი გარანტირებულია... 

მანქანის ექსტერიერის უფსკრულივით შავ დიზაინს 18-დუიმიანი დისკები ამშვენებს. შემოუარეთ ავტომობილს და მიხვდებით, რომ სინამდვილეში ლეგენდარულ El Camino-ს უყურებთ... 

ინტერიერი არანაკლებ დიდებულია — Buick-ის სიმბოლოთი დამშვენებული საჭე, წარწერა GNX 487 ხელსაწყოთა დაფაზე, ალკანტარათი მორთული სალონი და სხვა სათამაშოები ამ მანქანის მართვას შესანიშნავ გამოცდილებად აქცევენ. ამაზე რეგულირებადი ამორტიზატორები და ოთხბმულიანი საკიდარიც იზრუნებენ... 

ამჟამად GNX El Camino შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში იმყოფება — მისი საწყისი ფასი 41 500$-ია, თუმცა, დიდი ალბათობით, ფასი, რომელსაც მანქანაში მყიდველი გადაიხდის, ამაზე მეტი იქნება.   

მსგავსი სიახლეები