რატომ არ ჩანდნენ Porsche-ს მოდელები 2016 წლამდე სარბოლო ვიდეოთამაშებში?
Porsche-ს მოყვარულები ალბათ შეამჩნევდნენ, რომ 2016 წლამდე სიმულაციურ სარბოლო ან ვიდეოთამაშებში გერმანული ბრენდის სპორტული მოდელები ფაქტობრივად არ გვხვდებოდა. რეალურად, სუპერქარებზე ორიენტირებული თამაშების უმრავლესობაში Porsche-ს მოდელები მხოლოდ 2016 წლიდან გამოჩნდნენ, დღეს კი გერმანული ავტომწარმოებლის მანქანები უკვე მრავლადაა წარმოდგენილი.
ეს ფაქტი არც უბრალო შემთხვევითობაა და არც გაუგებრობა. სინამდვილეში, ვიდეოთამაშებში Porsche-ს მოდელების ნაკლებობის უკან კონკრეტული მიზეზი დგას, რომელსაც Electronic Arts-ი (EA) ჰქვია.

ალბათ შეამჩნევდით, რომ ისეთი პოპულარული სუპერქარიც კი, როგორიც Porsche 911-ია, Gran Turismo-ში დიდხანს არ გამოჩენილა. მის ნაცვლად თამაშებში, ძირითადად, Ruf Automobile-ისა და Gemballa-ს მოდელებს იყენებდნენ. ესენი Porsche-ს ბაზაზე, თუმცა ტუნინგ-ატელიეების მიერ აგებული სპორტული ავტომობილები იყო. გამოდის, რომ თუ თქვენ 2000-2016 წლებში გამოშვებული რაიმე სარბოლო ტიპის თამაში გქონდათ, მასში ნებისმიერი „პორშე“ სინამდვილეში ან RUF იყო, ან — Gemballa.

ამის მიზეზი კი 2000 წელს Electronic Arts-თან გაფორმებული ექსკლუზიური სალიცენზიო ხელშეკრულება გახლდათ. იმ წელს EA-მ Porsche AG-სთან შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის პირობებითაც Porsche-ს მოდელების გამოყენება მხოლოდ EA-ს თამაშებში იყო დასაშვები (დაწყებული Need for Speed: Porsche Unleashed-ით).

ამ შეთანხმებას სათამაშო ინდუსტრიაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა. EA-სთვის ეს საკმაოდ მომგებიანი გარიგება აღმოჩნდა, რასაც ვიდეოთამაშების სხვა მწარმოებლებზე ვერ ვიტყვით. ხელშეკრულების გამო ისეთ სტუდიებსაც კი, როგორიც Gran Turismo-ს შემქმნელი Polyphony Digital-ია, Porsche-ს გამოყენების უფლება არ ჰქონდათ. სწორედ ამიტომ ხდებოდნენ ისინი იძულებულნი, Porsche-ს ავტომობილები RUF-ის მოდელებით ჩაენაცვლებინათ, რომლებიც ვიზუალურად გერმანულ ბრენდს ჰგავდნენ, მაგრამ მის ემბლემასა თუ სახელს არ ატარებდნენ.

2016 წელს გერმანელმა ავტომწარმოებელმა ექსკლუზიურობის ხელშეკრულებაზე უარი თქვა, რამაც ლიცენზირების პირობები შეცვალა. მას შემდეგ თითქმის არცერთი მნიშვნელოვანი სარბოლო თამაში Porsche-ს სპორტქარების გარეშე აღარ გამოსულა.