გიჟური „მერსედესები“ ბრუნდებიან | AMG-მ „ყველაზე ექსტრემალური Black Series“ დაადასტურა
Mercedes-AMG-მ გერმანული ავტომწარმოებლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოდელის, Black Series GT-ის დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა. Track Sport პროტოტიპი, რომლის შესახებაც Mercedes-AMG ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად საუბრობდა, როგორც მოსალოდნელი იყო, ფაქტობრივად „ორი ერთში“ სუპერქარია. ის არა მხოლოდ GT3-ის ახალი სარბოლო მოდელის, არამედ ქუჩებისთვის განკუთვნილი Black Series-ის წინასწარი ვერსიაა.

ფოტოებზე თქვენ ორ მოდელს ხედავთ, რომლებიც ერთმანეთს ისე ჰგავს, რომ თავიდან გარჩევაც კი გაგიჭირდებათ. ყვითელი და მწვანე ფერების კომბინაციის სუპერქარი Michelin Pilot Sport Cup 2-ის საბურავებზე დგას და საჯარო გზებისთვისაა განკუთვნილი — შესაბამისად, ის სანომრე ნიშნითაც იქნება აღჭურვილი. თუმცა წითელი ვერსია სლიკებზეა (Slicks), სალონში უსაფრთხოების კარკასია მოთავსებული და მხოლოდ სარბოლო მიზნებისთვისაა შექმნილი.

AMG-ის ხელმძღვანელის, მიხაელ შაიბეს განცხადებით, ახალი მოდელი სხვა არაფერია, თუ არა „ყველაზე ექსტრემალური Black Series, რომელიც ამ დრომდე შექმნილა“. „AMG-ში ჩვენ ვმუშაობთ ავტომობილებზე, რომლებიც მოლოდინს გადააჭარბებს“, — დასძინა შაიბემ, — „ეს ზუსტად ისაა, რასაც მომავალი Black Series-ისა და ახალი GT3-ისგან უნდა ველოდოთ“.
მსგავსი აღწერიდან გამომდინარე, დასავლური გამოცემები უკვე ვარაუდობენ, რომ ახალი მოდელი V8 ძრავით იქნება წარმოდგენილი, თანაც ელექტრიფიკაციის გარეშე. ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით Mercedes-AMG კვლავ დუმს. თუმცა შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ მისი წინამორბედი 730 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა და ავტომოყვარულები, სულ მცირე, ამდენს მაინც ელოდებიან.

არაა გამორიცხული, რომ ახალ მოდელს ჰქონდეს V8 ძრავა მუხლა ლილვის ერთ სიბრტყეში განლაგებით (Flat-plane crank), რომელსაც AMG, შესაძლოა, Mythos სერიის მოდელშიც გამოიყენოს. ეს პროექტი ადრე CLE 63-თანაც იყო დაკავშირებული, რომელსაც Twin-Turbo 4-ლიტრიანი ძრავიდან 646 ცხენის ძალის სიმძლავრე აქვს, თუმცა GT Black Series-მა ამ მაჩვენებელს უნდა გადააჭარბოს.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ დაიბადა პირველი AMG?
შემდეგი თაობის Black Series პირველად გასულ წელს Concept AMG GT Track Sport-ის სახით ვიხილეთ. თუ ის მართლაც ისტორიაში ყველაზე ექსტრემალური AMG Black-ია, მაშინ არსებულ GT 63 Pro-ზე ბევრად უკეთესი უნდა იყოს. ჩვენ ვიცით, რომ პროტოტიპი უკვე გამოიცადა ისეთ ტრასებზე, როგორებიცაა Bilster Berg-ი, Portimao და Monteblanco, შემდეგი ეტაპი კი ნიურბურგრინგია — ტრასა, სადაც AMG-ს Black Series-ით შთამბეჭდავი ისტორია აქვს, შესაბამისად, მოლოდინები ამჯერადაც დიდია.