მერსედესი, მერსედეს მაიბახი ეს კლასი, ეს კლასი, მერსედეს ეს კლასი
Aa
Aa

V12 კვლავ თამაშშია | Mercedes-Maybach-მა განახლებული S-Class-ი წარადგინა

Mercedes S-Class-ის „ფეისლიფტის“ შექმნისას Maybach-ი სწორედ ისე მოიქცა, როგორც სჩვევია და როგორც მისი ერთგული მომხმარებლები ავტომწარმოებლისგან მოელიან: ეს ულტრალუქს კლასის სედანი, წინამორბედ ვერსიასთან შედარებით, კიდევ უფრო მაღალ დონეზეა — დატვირთული თანამედროვე ტექნოლოგიებითა და პერსონალიზაციის შესაძლებლობებით, რაც, რა თქმა უნდა, Maybach-ის მდიდრულ სტილს მიჰყვება.

ვიზუალური ცვლილებები შესაძლოა ერთი შეხედვით მარტივად შესამჩნევი არ იყოს, თუმცა ცხადია, რომ ამ მოდელში კომპანიამ ცხაურის ზომა გაზარდა და განათების ნაწილიც მნიშვნელოვნად დახვეწა. გამორჩეული დეტალია Maybach-ის სპეციფიკური სამქიმიანი ვარსკვლავები და წინა ბამპერზე დამატებული ლოგოს ორნამენტები. ხოლო მათთვის, ვისთვისაც ესეც არ არის საკმარისი, Maybach-მა ნაჭედ ალუმინის დისკებზეც დაამატა ლოგოები.

ინტერიერი მომხმარებელს თავს უფრო პირად ლაუნჯში აგრძნობინებს, ვიდრე ავტომობილში. Superscreen-ის სისტემა Maybach-ის სპეციფიკურ გრაფიკას იყენებს, ამას ემატება სალონში გამოყენებული ხის დეტალები და შიდა განათება. ასევე, მომხმარებლებს შეუძლიათ ტყავის სალონზე უარი თქვან და ტექსტილისა თუ სინთეტიკური მასალებისგან შექმნილი ვერსია აირჩიონ. მნიშვნელოვანი ფუნქციაა ინტეგრირებული ხელოვნური ინტელექტიც, რომელიც, მრავალი თვალსაზრისით, ნამდვილი სუპერკომპიუტერია.

Maybach-ი ახალ S-Class-ში აქტიურ საკიდარს იყენებს — ეს უკანასკნელი წინასწარ განსაზღვრავს გზაზე არსებულ დაბრკოლებებს, შეუძლია დაიმახსოვროს, სად არის ორმოები და დაზიანებული ასფალტი, რათა მომავალში დაზიანების რისკი თავიდან აიცილოს.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ძრავებიც: ზოგიერთ ბაზარზე Maybach-ი ახალ, ელექტრიფიცირებულ ექვს და რვაცილინდრიან აგრეგატებს გვთავაზობს, ასევე — V12-ით აღჭურვილ ვერსიას. Mercedes-ის ახალი V8 (მუხლა ლილვით ერთ სიბრტყეში) ძრავა Maybach S 580-ში ახლა 530 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, საიდანაც 23 ცხ.ძ.-ს ელექტროდამხმარე სისტემიდან იღებს. V12 ძრავის სიმძლავრე კი 603 ცხენის ძალას აღწევს და 2.5-ტონიან ლიმუზინს 100 კმ/სთ-მდე აჩქარებაში 4 წამში ეხმარება.

მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ Mercedes-ის M256-Evo აირჩიონ, რომელიც ბაზრების ნაწილზე PHEV-ის (დატენვადი ჰიბრიდი) სახით გამოდის. ამ მოდელში 3-ლიტრიანი, მწკრივი (inline) 6-ცილინდრიანი ტურბობენზინის ძრავა დგას, რომელიც 443 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო ელექტროძრავა დამატებით 161 ცხ.ძ.-ს მატებს. სისტემა 21.96 კვტ/სთ აკუმულატორით მუშაობს და ერთი დამუხტვით 96 კმ-ზე მეტის გავლის შესაძლებლობას იძლევა.

მსგავსი სიახლეები