პიკაპი, ფორდი, ფორდ ეფ-150, ავსტრალია
Aa
Aa

რაც მოსწონთ აშშ-ში, არ მოსწონთ ავსტრალიაში — Ford F-150 არ იყიდება

Ford-მა ავსტრალიაში F-150 სულ რამდენიმე წლის წინ შეიყვანა და, მიუხედავად იმისა, რომ ის აშშ-ის ყველაზე პოპულარული პიკაპია, ავსტრალიაში ფეხის მოკიდება საერთოდ ვერ შეძლო. ნაწილობრივ, ამის მიზეზი მოდელის მაღალი ფასია, თუმცა ყველაზე მეტად ადგილობრივებს დაუსრულებელი პრობლემები და უკან გაწვევები აღიზიანებთ.

ვინაიდან Ford-ი მხოლოდ მარცხენასაჭიან F-150-ებს აწარმოებს, ამერიკული ავტომწარმოებელი ავსტრალიაში „მოღვაწე“ ტაილანდურ კომპანია RMA-სთან შეწყვილდა, რათა ამ უკანასკნელს ლეგენდარული პიკაპი მარჯვენასაჭიანად ექცია. „ლურჯ ოვალს“ ხარისხის მიმართულებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რეპუტაცია ძალიან გაუფუჭდა, ამიტომ F-150-ის პრობლემების ნაწილი თავად მოდელის წარმოების პროცესში უნდა ვეძიოთ, თუმცა ხარვეზები საჭის გადატანის პროცესშიც გამოიკვეთა, რამაც უკან გაწვევების რიცხვი კიდევ უფრო გაზარდა და მომხმარებელს პიკაპის ნდობა დაუკარგა. 

რაღაც ეტაპზე, კომპანიამ ავტომობილის გაყიდვა 9 თვით შეაჩერა, ახლა კი აცხადებს, რომ აღმოჩენილი პრობლემების უდიდესი ნაწილი მოგვარებულია. კერძოდ, განახლდა საჭის ღერძი და შეიცვალა სხვადასხვა კომპონენტის მომწოდებელიც.

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ F-150-ის პროგრამის პირველ რამდენიმე წელიწადში არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა. ხარისხი და უსაფრთხოება Ford-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. Ford Australia-მ და გლობალური განვითარების ინჟინრებმა RMA-სთან ითანამშრომლებს, რათა ყველა სტანდარტი დაეკმაყოფილებინათ", — განაცხადა Ford International Markets Group-ის პროგრამის დირექტორმა, იაინ ჯონსმა. 

ავსტრალიის F-150 ამჟამად აშშ-ის 2026 წლის მოდელის სახეცვლილი ვერსიაა. გარდა ჩამოთვლილი ცვლილებებისა, მოდელში შეიცვალა ელექტრონული არქიტექტურაც, რაც სისტემის უსაფრთხოების ხანგრძლივ უზრუნველყოფას ემსახურება. 

გასულ წელს, Ford-მა ავსტრალიაში სულ 792 ერთეული F-150 გაყიდა და ჩამორჩა უშუალო კონკურენტებს — Toyota Tundra-ს, Chevrolet Silverado-სა და Ram 1500-ს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები