კორვეტი, შევროლეტი, შევროლეტ კორვეტი, შევროლეტ კორვეტი გრანდ სპორტი, კორვეტი გრანდ სპორტი
Aa
Aa

ახალი თაობის V8 ძრავა 535 ცხ.ძ-ით | 2027 წლის Chevrolet Corvette Grand Sport

Chevrolet Corvette Grand Sport-ი 2027 წელს ოფიციალურად ბრუნდება. ახალი თაობის მოდელის გამოშვების შესახებ ინფორმაცია ავტომწარმოებელმა ჯერ კიდევ ამ თვის დასაწყისში გაავრცელა, თუმცა ახლა უკვე მის შესახებ თითქმის ყველა დეტალი გაგვიმხილა.

პირველ რიგში, ყველას, ალბათ, ახალი Corvette-ის სიმძლავრე აინტერესებს. ავტომწარმოებელმა 2027 წლის მოდელში General Motors-ის ახალი თაობის V8 ძრავის, LS6-ის გამოყენება გადაწყვიტა. ატმოსფერული 6.7-ლიტრიანი V8 ძრავა 535 ცხენის ძალასა და 705 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. წესით, აღნიშნული ძრავით 2027 წლის Stingray-ც გამოვა. Chevrolet-ის ინფორმაციით, LS6-ს ნაჭედი დგუშები, განახლებული გამონაბოლქვი კოლექტორები და შეზეთვის ახალი სისტემაც ექნება.

GM-ის ახალი თაობის ძრავა 8-სიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფს უკავშირდება. Grand Sport-ის სტანდარტულ ვერსიას Magnetic Ride Control-ი და Michelin Pilot Sport All Season 4-ის საბურავები ექნება. ხოლო Z52 Performance Package-ში Michelin Pilot Sport 4S ზაფხულის საბურავები შედის, Z06-ის მაღალი ხარისხის რკინის მუხრუჭებთან ერთად.

Z52 Track Pack-ში კი შედის კარბონ-კერამიკული მუხრუჭები, კარბონის სპლიტერი, წამყვანი დისკო, განახლებული გამონაბოლქვი სისტემა და Michelin Pilot Sport Cup 2R საბურავები.

დამატებით, 2027 წლისთვის Chevrolet-ი Grand Sport X-ის გამოშვებასაც დააანონსებს, რომელიც E-Ray-ს შეცვლის. GSX-იც ახალი LS6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც Chevy Corvette ZR1X-ის წინა ღერძის ელექტროძრავასთან და აკუმულატორთან აკავშირებს. მხოლოდ ეს უკანასკნელი 186 ცხენის ძალასა და 200 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. კომბინირებული სიმძლავრე 721 ცხენის ძალას აღწევს, რაც E-Ray-ს მაჩვენებელს 66 ცხენის ძალით აღემატება. შედეგად, GSX უფრო მძლავრია, ვიდრე Z06, რომელსაც ატმოსფერული 5.5-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს 670 ცხ.ძ-ის გამომუშავებით.

GSX-ის სტანდარტულ ვერსიას Magnetic Ride Control-ი, კარბონ-კერამიკული მუხრუჭები და Michelin Pilot Sport All Season 4 საბურავები აქვს. Performance Pack-ში კი დამატებით Michelin Pilot Sport 4S საბურავებიცაა შემოთავაზებული.

უცნობია, თუ როდის გამოვა 2027 წლის Corvette Grand Sport-ი გაყიდვებში, საიდუმლოდ რჩება ფასიც. თუმცა, 2026 წლის E-Ray-ის ფასი დაახლოებით 110 000 აშშ დოლარიდან იწყება, ამიტომაც სავარაუდოა, რომ ახალი Grand Sport-ის ღირებულება 90 000 აშშ დოლარს გადასცდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები