გამონაბოლქვი, მერსედესი, მერსედეს ბენცი, მაიბახი, ევრო 7, მერსედეს მაიბახი ეს კლასი, მერსედეს მაიბახი ს კლასი
Aa
Aa

Mercedes-ი განმარტავს, თუ სად ვიხილავთ და სად აღარ V12 ძრავებს

ის, რაც დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი, ახლა უკვე ოფიციალურადაც დადასტურდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე გერმანული ავტომწარმოებელი V12 ძრავების მიწოდებას შეწყვეტს, რადგან 6-ლიტრიანი ტვინტურბო გამონაბოლქვზე გამკაცრებული რეგულაციების ერთ-ერთი მსხვერპლია. Motor1-თან გაკეთებულ განცხადებაში კომპანიის წარმომადგენელმა განმარტა, რომ „ევრო 7“ სტანდარტი თორმეტცილინდრიან ძრავას ძველი კონტინენტიდან გააძევებს.

ორგანიზაციის წევრ ქვეყნებთან ერთად, Mercedes-ის მიერ შეთავაზებულ ყველაზე დიდ შიგაწვის ძრავასთან გამომშვიდობება იმ სახელმწიფოებსაც მოუწევთ, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს იზიარებენ. მათ შორის არიან ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ასევე ინდოეთის ბაზარიც კი.

„ჩვენი ამბიციები აშკარაა. Mercedes-Benz-ის და Mercedes-Maybach-ის ყველა მოდელი ჩვენი მომხმარებლების უმაღლესი სტანდარტების მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ჩვენი მოდელებისა და ძრავების განვითარებაზე მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ. კონკრეტული ბაზრებისთვის პორტფოლიოს რეგულარულად ვამოწმებთ და ზედმიწევნით ვიცავთ ყველა შესაბამის სტანდარტს, მათ შორის EU7-ს“, — განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა გამოცემას.

„გამომდინარე აქედან, ევროპისა და CoC ბაზრებზე, ასევე მათ ფარგლებს გარეთაც, თუნდაც ინდოეთში, განახლებული V8 საუკეთესო შეთავაზებაა. ეს უკანასკნელი 603 ცხენის ძალას გამოიმუშავებს — თითქმის იმდენივეს, რამდენსაც ამჟამინდელი V12. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ძრავა Maybach-ს იმ შესრულებასა და მართვის კომფორტს მისცემს, როგორიც მას ეკუთვნის“.

მიუხედავად ამისა, V12 დარჩება Maybach-ის ისეთ მსხვილ ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი, შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთი. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ S680-ის სახელი გლობალურად კვლავ გამოიყენება — განურჩევლად იმისა, გამოვა თუ არა ამ ბაზარზე V12 ძრავა. თუმცა მთავარი, რასაც Mercedes-ი ჯიუტად იმეორებს, არის ის, რომ რვაცილინდრიანი ვერსია ახლა ისეთივე ძლიერია, როგორიც მისი „უფროსი ძმა“.

ასევე დაგაინტერესებთ: რომელია 10 ყველაზე გამძლე ძრავა ისტორიაში?

აშშ-ში გაყიდულ S680-ს თავისი უპირატესობები კვლავ აქვს. მისი V12 ძრავა 621 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც V8-ზე 18 ცხენის ძალით მეტია. 900 ნიუტონ-მეტრის მაბრუნი მომენტი კი, შედარებით მცირე ზომის ძრავასთან შედარებით, მას 50 ნმ-ის უპირატესობასაც აძლევს. V12 ძრავით აღჭურვილი Maybach S-Class S680-ის ღირებულება ამ ეტაპისთვის უცნობია, მისი წინამორბედი თაობის ფასი კი აშშ-ში $245 750-დან იწყებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები