მძარცველები, სატვირთო, გატაცება
Aa
Aa

სატვირთო, რომელსაც 12 ტონა KitKat-ი გადაჰქონდა, ავტობანიდან გაქრა

ჰოლივუდურ ფილმებში დიდი სატვირთოების გატაცების კადრები არაერთხელ გვინახავს — პირველად კი ყველას, ალბათ, „ფორსაჟი“ გვახსენდება... ევროპაში ცოტა ხნის წინ, დაახლოებით, ასეთი ამბავი დატრიალდა...

Nestle-ს სატვირთო, რომელსაც 12 ტონა KitKat-ი გადაჰქონდა, გზიდან გაქრა და არაერთ ობიექტზე აღდგომის წინ დიდი დეფიციტი შეიქმნა... შვეიცარიული გიგანტის შვილობილმა KitKat-მა AFP-ს შაბათს განუცხადა, რომ ევროპული სატრანზიტო გზიდან დაიკარგა სატვირთო, რომელსაც ქარხნიდან სადისტრიბუციო წერტილში ახალი სახეობის KitKat-ის 413 793 ერთეული გადაჰქონდა... 

„ჩვენ მუდამ ვახალისებდით მომხმარებელს, რომ შესვენებაზე KitKat-თან ერთად გასულიყვნენ, თუმცა როგორც ჩანს, ქურდებმა ეს ზედმეტად პირდაპირ გაიგეს და შესვენება 12 ტონა შოკოლადთან ერთად გადაწყვიტეს“, — განაცხადა ბრენდის სპიკერმა.  

კომპანიის განცხადებით, გამქრალი სატვირთო ცენტრალურ იტალიაში მდებარე საწარმოდან პოლონეთისკენ გადაადგილდებოდა. KitKat-ში აცხადებენ, რომ ამ ფაქტმა, შესაძლოა, აღდგომის წინ ბაზარზე დეფიციტი შექმნას. გარდა ამისა, ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც გამტაცებლები შოკოლადის რეალიზაციას შეძლებენ, არაოფიციალური არხებია, რადგან ოფიციალურ სასურსათო ქსელებში მოპარული საქონლის მიგნება შოკოლადის თითოეულ შეფუთვაზე დატანილი შტრიხ-კოდით ძალიან მარტივი იქნება. 

ჯერჯერობით არ ვიცით, როგორ მოიქცევიან დამნაშავეები — იქნებ, შავ ბაზარზე გატანაზე მარტივი 12 ტონა KitKat-ის შეჭმა იყოს? 

მსგავსი სიახლეები