უსაფრთხოების სისტემა, თვითმართვადი ავტომობილები, ბიუაიდი, ბივაიდი, ავტონომიური მართვის სისტემა
Aa
Aa

BYD-ს დიდი პრობლემები აქვს — კომპანიის „ღმერთის თვალი“ ხარვეზებით მუშაობს

BYD-ის „ღვთის თვალი“ პრობლემების წინაშე: Tesla-ს შემდეგ სკანდალში ჩინური ბრენდი ეხვევა

დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ Tesla-ს ავტონომიური მართვის სისტემების სახელწოდებების გამო (Autopilot და Full Self-Driving) ხშირად აკრიტიკებენ. როგორც ჩანს, კრიტიკის თავის თავზე მიღება ჩინურმა BYD-მაც გადაწყვიტა და საკუთარ ტექნოლოგიას არც მეტი, არც ნაკლები — „ღმერთის თვალი“ (God's Eye) უწოდა.

დიახ, ეს სახელი „ფორსაჟის“ ფრენჩაიზიდან ნაცნობ სუპერ-იარაღს მოგაგონებთ, მაგრამ BYD-ის „ღმერთის თვალი“ მძღოლების უსაფრთხოების გარანტი უნდა ყოფილიყო — ფაქტია, რაღაც ისე ვერ მიდის, როგორც ჩინურ კომპანიაში იმედოვნებდნენ: მძღოლები უსაფრთხოების ისეთ ხარვეზებზე საუბრობენ, რომელთა მსგავსი Tesla-საც კი არ ჰქონია.

ახალი ანგარიშის მიხედვით, პრობლემა ისაა, რომ მძღოლის დამხმარე სისტემები მთელ საწარმოო ხაზში მანამ დაინერგა, სანამ მათი პროგრამული უზრუნველყოფა სრულყოფილი იქნებოდა. Tesla-სგან განსხვავებით, სადაც თვითმართვადი ტექნოლოგიის პაკეტი დამატებითი ოპციაა, BYD-მა სისტემა მილიონობით ავტომობილში ავტომატურად დაამონტაჟა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი დეფექტი, შესაძლოა, მასშტაბურ საფრთხედ იქცეს.

BYD-ის ერთ-ერთმა მძღოლმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ მან მდიდრულ SUV Yangwang U8-ში 160 000 დოლარი გადაიხადა, თუმცა უახლესი ტექნოლოგიის ნაცვლად მხოლოდ პრობლემები და გაურკვევლობა მიიღო — არაერთხელ ავტომობილმა თვითნებურად აკრიფა სიჩქარე, ერთხელ კი საჭე მკვეთრად დაატრიალა, რამაც მძღოლი კინაღამ შემხვედრ ზოლში გადაიყვანა.

ასევე, ჩინურ სოციალურ მედიაში მძღოლები მასობრივად წერენ ნავიგაციის შეცდომებზე, გამოტოვებულ შესახვევებსა და საჭის არაპროგნოზირებად ქცევაზე. ანალიტიკოსების აზრით, პრობლემურია BYD-ის გადაწყვეტილება ტექნოლოგიის მთელ ხაზე გავრცელებასთან დაკავშირებით. 

ასეთი მასშტაბური ექსპერიმენტი ჯერ დასავლურ ბრენდებს არ გაუბედავთ: Ford, GM, Tesla — თითოეული მათგანი ამ ფუნქციებს მხოლოდ გარკვეულ მოდელებზე, ოპციის სახით სთავაზობენ. პრობლემას ისიც ართულებს, რომ BYD-ის მოდელებს შორის ტექნიკური ერთგვაროვნება არ არსებობს. ზოგიერთი მოდელი Lidar-ითაა აღჭურვილი, ზოგი კი მხოლოდ კამერებზეა დამოკიდებული. ამის გამო, ხარვეზების მიზეზის პოვნა და მათი გამოსწორება ბევრად რთულია.

და თქვენ რას იტყვით, ენდობოდით BYD-ის ავტონომიური მართვის სისტემას? 

მსგავსი სიახლეები