უნიკალური Bugatti Mistral Caroline, რომელიც მამამ შვილს მიუძღვნა
ვინაიდან Mistral-ი ლეგენდარული 8-ლიტრიანი W16-ით აღჭურვილი უკანასკნელი Bugatti-ია, ალბათ, უმეტესობა მოელის, რომ მფლობელები საინვესტიციო ღირებულების შესანარჩუნებლად მის სტანდარტულ დიზაინზე გააკეთებენ არჩევანს — მიუხედავად ამისა, ისტორია რომელიც უნდა მოგიყვეთ, ასეთი არ არის.
ასევე იხილეთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
ეს Bugatti Mistral-ი ფრანგული ავტომწარმოებლის პერსონალიზაციის პროგრამა Sur Mesure-ის ფარგლებში, სრულად მფლობელის გემოვნების შესაბამისად შეიქმნა. და თუ Mistral-ი თავისი სიმძლავრით ჰიპერქარების სამყაროში ნამდვილი მონსტრია, ამ შემთხვევაში, ის ნაზი და ნატიფი გახდა.
მოდელი სახელად W16 Mistral Caroline მთლიანად სპეციალურად შექმნილ ლავანდისფერ ტონშია შეღებილი, კონტრასტს კი ნახშირბადის ბოჭკოს დეტალები ქმნიან — თუმცა, სტანდარტული არც ეს ნახშირბადის ბოჭკოა: მასში იასამნისფერი პიგმენტებია ინტეგრირებული, რაც განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს. ამ იისფერ ახირებას ამავე ტონალობის მუხრუჭის სუპორტები აგვირგვინებენ. 
ავტომობილის ყველაზე ემოციური დეტალი სპოილერის ქვედა მხარეა. ის თეთრადაა შეღებილი, გაფორმებულია იასამნისფერი ყვავილებით და აწერია Caroline (ქეროლაინი) — მფლობელის ქალიშვილის სახელი.
განსაკუთრებული ექსტერიერი შესაბამის ინტერიერსაც მოითხოვს — სალონში გამოყენებულია თეთრი და მუქი ლურჯი ტყავის კომბინაცია, რომელსაც იასამნისფერი ტონები და უკვე ნახსენები იასამნისფერი ნახშირბადის ბოჭკო აბალანსებს. სხვა Mistral-ების მსგავსად, სიჩქარეების გადამრთველში აქაც Bugatti-ს სიმბოლო — „მოცეკვავე სპილოა“ მოთავსებული, რომელიც მინის კაფსულაშია ჩასმული.
„ამ ავტომობილს განსაკუთრებული სილამაზე და ინდივიდუალიზმი გამოარჩევს. მასში Bugatti-ს ინოვაციურობა და მფლობელს დახვეწილი გემოვნებაა გაერთიანებული“, — განაცხადა ჰენდრიკ მალინოვსკიმ, Bugatti-ს ხელმძღვანელმა.
ერთი სიტყვით, Mistral Caroline კიდევ ერთი ნიმუშია იმისა, რომ Bugatti-სთვის ავტომობილი მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება კი არა, ტილოა, რომელზეც ხელოვნების ნიმუში იქმნება.