აშშ-ის საავტომობილო ბაზარზე პრობლემებია | გაყიდვების კლება და გაძვირებული საწვავის ეფექტი
ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ავტომობილების გაყიდვები პირველ კვარტალში საგრძნობლად შენელდა. მთავარი მიზეზი ფინანსური წნეხია, რასაც ბოლო სამი წლის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულზე მყოფი საწვავის ფასებიც ემატება. Edmunds-ის ანალიტიკოსების პროგნოზით, მარტის ბოლოსთვის ქვეყანაში გაყიდული მანქანების რაოდენობა 3 693 459 ერთეულს შეადგენს.
თუ ეს მონაცემები დადასტურდება, ეს იქნება 6.3%-იანი კლება 2025 წლის პირველ კვარტალთან შედარებით და 8.8%-იანი ვარდნა წინა კვარტალთან (2025-ის მე-4 კვარტალი) მიმართებით. ექსპერტების თქმით, ამ ტენდენციაზე მხოლოდ საწვავი არ მოქმედებს — მოთხოვნის შემცირებაში როლი მკაცრმა კლიმატურმა პირობებმა და გეოპოლიტიკურმა გაურკვევლობამაც ითამაშა.
ბაზრის ვარდნამ ინდუსტრიის „მძიმეწონოსნებიც“ არ დაინდო — General Motors-ი სავარაუდოდ, 625 793 გაყიდულ ერთეულს დააფიქსირებს, რაც წინა წელთან შედარებით 9.8%-ით ნაკლებია. Toyota გაყიდვების 12.9%-იან კლებას ელოდება (568,737 ერთეული), ყველაზე მძიმე დარტყმა კი Ford-მა მიიღო — ბრენდის გაყიდვები 17.8%-ით შემცირდა.
მხოლოდ რამდენიმე მსხვილმა მოთამაშემ შეძლო მცირე ზრდის ჩვენება, თუმცა აქაც გარკვეული დათქმები არსებობს. მაგალითად, Honda-ს გაყიდვები წინა კვარტალთან შედარებით 1.5%-ით გაიზარდა, თუმცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაინც 4%-იან კლებაშია.
ანალოგიური სიტუაციაა Nissan-თანაც: იაპონური ავტომწარმოებლის გაყიდვები წინა კვარტალთან შედარებით 13%-ით გაიზარდა, მაგრამ წლიურ ჭრილში მაინც 9.4%-იანი ვარდნა ფიქსირდება.
ექსპერტების რჩევა — არ იჩქაროთ!
Edmunds-ის ანალიტიკოსი ივან დრური მძღოლებს ურჩევს, საწვავის ფასების მატების გამო ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღონ.
„როცა საწვავი ძვირდება, არაეკონომიური ავტომობილების საბაზრო ფასი ეცემა, ხოლო ეკონომიურ მოდელებზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასი იზრდება. ასეთ დროს ძველი მანქანის ეკომეგობრულზე გადაცვლა ფინანსურად ხშირად წამგებიანია — თქვენ წააგებთ როგორც ძველი მანქანის გაყიდვისას, ისე ახლის ყიდვისას“, — გვირჩევს დრური.