ბუგატი, ბუგატი ტურბილონი, ბუგატი მისტრალი
Aa
Aa

Bugatti ხელოვნურ ჟღერადობაზე უარს ამბობს და ახალ V16-ს ძველ ხმას უნარჩუნებს

Bugatti-ს ახალი 8.3-ლიტრიანი V16 ზუსტად ის ძრავაა, რომელიც კომპანიას სურდა.

ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, Bugatti-ს სუპერქარებს ლეგენდარული W16 ძრავა ამოძრავებდათ. თუმცა მისი ეპოქა, ბევრისთვის სამწუხაროდ, დასრულდა. Veyron-სა და Chiron-ში გამოყენებული 16-ცილინდრიანის ბოლო ეგზემპლარი, Mistral-ის სახით, სულ რამდენიმე თვის წინ ვიხილეთ.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ Bugatti-მ 16-ცილინდრიან აგრეგატზე სამუდამოდ თქვა უარი. ახალ Tourbillon-ში კომპანია 8.3-ლიტრიან ატმოსფერულ V16-ს იყენებს, რომელიც Cosworth-თან თანამშრომლობით შემუშავდა. ძრავა 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 9 000 ბრუნი/წთ-მდე ტრიალებს.

თუმცა, ერთი საკითხია მსგავსად მძლავრი ძრავის შექმნა და მეორე — მისი ჟღერადობის სწორად დაყენება. Bugatti-ს ინჟინრები საკმაოდ რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ V16-ის გამორჩეული ჟღერადობა არსებული მკაცრი რეგულაციების პირობებში უნდა შეენარჩუნებინათ. თან მაშინ, როდესაც კომპანიამ ხელოვნურ ჟღერადობაზე, რომელსაც ავტომობილების დინამიკებიდან ასე ხშირად უშვებენ, უარი თქვა.

კომფორტსა და ძრავის მექანიკურ ხასიათს შორის იდეალური ბალანსისთვის, ინჟინრებს ჰაერის შემშვებ და გამონაბოლქვის სისტემებზე ათასობით სიმულაცია დასჭირდათ. Bugatti-სთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სტანდარტულ რეჟიმში ავტომობილი საკმარისად „მშვიდი“ ყოფილიყო, თუმცა აქსელერატორზე ფეხის დაჭერისას მძღოლს ძრავის რეალური ხასიათი შეეგრძნო.

„ჟღერადობის თვალსაზრისით, Bugatti-ს ძრავას განსაკუთრებით სუფთა ხმა არც არასდროს ჰქონია. ის ყოველთვის იყო ცოტათი უხეში და ნედლი. ჩვენც გადავწყვიტეთ, ეს ხასიათი შეგვენარჩუნებინა“, — აცხადებენ კომპანიის ინჟინრები.

თანაც, Tourbillon-ს ახალი ძრავისთვის ხასიათი ისე უნდა შეენარჩუნებინა, რომ თან ავტომობილს ჰომოლოგაციის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა. შესაბამისად, ტესტირების დროს მაქსიმალური დასაშვები დონე ხმაურზე 72 დეციბელი იყო. თუმცა ტესტირება მხოლოდ ძრავის ხმის გაზომვა არაა, რადგან სპეციალური აღჭურვილობით მთლიანი ავტომობილის მიერ წარმოქმნილი ხმაური იზომება — მათ შორის საბურავების, ძარისა და აეროდინამიკური ელემენტების ხმა.

ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Tourbillon-ისთვის, რადგან ავტომობილის აქტიურ აეროდინამიკას თავადაც შეუძლია საკმაოდ დიდი ხმაურის წარმოქმნა. ტესტირების დროს ამინდის პირობებიც მკაცრად კონტროლდება, რადგან თუნდაც ქარის ხმამ შესაძლოა ტესტის შედეგი გააბათილოს.

საბოლოოდ, Bugatti-სთვის მთავარი გამოწვევა იყო არა უბრალოდ ძლიერი და ხმაურიანი V16-ის შექმნა, არამედ ისეთი ძრავის ხმის მიღება, რომელიც ერთდროულად შეინარჩუნებდა მის უნიკალურ ხასიათს და თანამედროვე რეგულაციებსაც დააკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომ Tourbillon-ის შემთხვევაში კომპანიამ ხელოვნური ხმაურის ნაცვლად თავად ძრავის ბუნებრივ, ოდნავ უხეშ და ნედლ ჟღერადობაზე გააკეთა აქცენტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები