ავტოსპორტი, ვიდეოები, ავარია, ფერარი, გმირობა, ჩინეთის ჯითი სერიები
Aa
Aa

გმირობა China GT-ზე | ბრიტანელი მრბოლელი სიკვდილს კონკურენტმა გადაარჩინა

ნიდერლანდელი მრბოლელის გმირობა რომ არა, China GT-ის ჩემპიონატის შანხაის ეტაპი ტრაგედიით დასრულდებოდა. ბრიტანელმა მრბოლელმა, ოლის მილროიმ, ცეცხლმოკიდებული ავტომობილის ნამსხვრევებს თავი მხოლოდ იმის წყალობით დააღწია, რომ მისმა ნიდერლანდელმა კონკურენტმა, ლუკ ჰარტოგმა, საკუთარი რბოლა შეწყვიტა და რისკის ფასად ალმოდებული Ferrari-სკენ გაიქცა.

შემთხვევის ადგილზე არც მარშლები ჩანდნენ და არც სახანძრო ბრიგადა. ჰარტოგმა საკუთარი მანქანა იქვე გააჩერა, ცეცხლმაქრით ცეცხლის ჩაქრობა დაიწყო და მილროი ცეცხლმოდებული სალონიდან უვნებლად გამოიყვანა.

მილროიმ მოგვიანებით სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა, სადაც კონკურენტს უდიდესი მადლობა გადაუხადა:

„დღეს ცოცხალი მხოლოდ ერთი ადამიანის წყალობით ვარ. ლუკ ჰარტოგი მყისიერად გაჩერდა, როდესაც გარშემო არც მარშლები იყვნენ და არც მაშველები. მან საკუთარი სიცოცხლე გარისკა, რომ მე მანქანიდან გამოვეყვანე. ავარიამდე 30 წამით ადრე და მის შემდეგ 1 საათის განმავლობაში არაფერი მახსოვს, მაგრამ მის გმირობას მთელი ცხოვრება გავიხსენებ. ოდესმე ჩემს სამ შვილს ამ ამბავს მოვუყვები და ლუკი მათ თვალშიც მსოფლიოში უდიდესი სუპერგმირი იქნება.“

მილროის ავარიის შედეგად 5 ნეკნი, ლავიწის ძვალი, მაჯა და თითი აქვს მოტეხილი, ასევე დაზიანებული აქვს ფილტვი, თუმცა აცხადებს, რომ „შედეგი ბევრად უფრო სავალალო შეიძლებოდა ყოფილიყო“.

თავად ლუკ ჰარტოგმა კი მოვლენები ასე გაიხსენა:

„როდესაც შორს დავინახე, როგორ გადაიქცა მანქანა ცეცხლის დიდ ბურთად, დასაფიქრებელიც არაფერი იყო. ვიცოდი, რომ მძღოლი დამოუკიდებლად გამოსვლას ვერ შეძლებდა. შიშის მომენტებიც იყო და არ ვიცოდი, შევძლებდი თუ არა ოლის ამოყვანას, მაგრამ ეჭვიც არ შემპარვია. დარწმუნებული ვარ, ჩემს ადგილას ბევრი ასე მოიქცეოდა.“

სკანდალი და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა

ინციდენტს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მილროის გუნდმა, AAI Motorsport-მა, პროტესტის ნიშნად გამოაცხადა, რომ China GT-ის ეგიდით გამართულ არცერთ რბოლაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

გუნდის განცხადებით, ავტომობილი 1 წუთზე მეტხანს იწვოდა და ორგანიზატორების მხრიდან არანაირი დროული რეაგირება არ ყოფილა: „ჩვენ ვაცნობიერებთ ავტოსპორტის რისკებს, მაგრამ კატეგორიულად ვერ შევეგუებით იმას, რომ მძღოლი სიკვდილის საფრთხის წინაშე დადგეს. რა მოხდებოდა, ის მძღოლი რომ არ გაჩერებულიყო?“

ჩემპიონატის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ინციდენტს დეტალურად გამოიძიებენ და უსაფრთხოების, სამაშველო და სამედიცინო პროტოკოლებს გადახედავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები