შეჯავშნული მანქანა, ლენდ როვერი, სამხედრო ტექნიკა, ინეოს გრენადიერი
Aa
Aa

შეჯავშნულმა Grenadier-მა შესაძლოა ბრიტანეთის არმიის მოძველებული Land Rover-ები ჩაანაცვლოს

INEOS Automotive, რომელიც სამოქალაქო ბაზრისთვის Land Rover-ის ტიპის, უგზოობისთვის განკუთვნილ ავტომობილებს უკვე აწარმოებს, შესაძლოა, ბრიტანეთის არმიაშიც გადაინაცვლოს. კომპანიამ ახალი Grenadier Enhanced Protection Vehicle (EPV) წარადგინა — Grenadier-ის შეჯავშნული სამხედრო ვერსია, რომელიც Light Mobility Vehicle (LMV) პროგრამის ერთ-ერთი კანდიდატია.

აღნიშნული პროგრამის მიზანი ბრიტანეთის არმიაში მოძველებული Land Rover-ისა და Pinzgauer-ის ფლოტის ეტაპობრივი განახლებაა. სწორედ ამისთვის Team Grenadier-ის კონსორციუმმა სპეციალურად სამხედრო დანიშნულებისთვის შექმნილი EPV შეიმუშავა.

ახალი მოდელის მთავარი უპირატესობა დაცვის სისტემაა. კომპანიის გუნდმა სტანდარტულ Grenadier-ზე ჯავშნის დამატების ნაცვლად, სპეციალურად შექმნილი ფოლადის კაბინა შექმნა, რომელიც „ნატოს“ დონის დაცვის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ასეთი კონსტრუქცია აფეთქებისა და ბალისტიკური ზემოქმედების უკეთ გადანაწილებას უწყობს ხელს და უფრო მეტად ინტეგრირებულ დაცვასაც გვთავაზობს.

EPV უშუალოდ ფრონტის ხაზზე მოქმედებებისთვის არაა გათვლილი. მისი მთავარი დანიშნულება პერსონალისა და VIP-ების დაცვაა. ეს მიდგომა ერაყსა და ავღანეთში მიღებულ გამოცდილებას უკავშირდება, რადგან მსუბუქად შენიღბული Land Rover-ები ნაღმებისა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებისგან შესაძლოა, სერიოზულად დაზიანდეს.

EPV-ის წარმოება საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის გადანაწილდება. Grenadier-ის საბაზისო პლატფორმა საფრანგეთში დამზადდება და შემდეგ დიდ ბრიტანეთში გაიგზავნება, სადაც პარტნიორი კომპანიები მას შეჯავშნილ კაბინას, სპეციალურ სავარძლებს, ელექტრულ სისტემებსა და გაუმჯობესებულ დაკიდების სისტემას დაუმატებენ. ცნობისთვის, EPV იმ ცხრა სამხედრო ვერსიიდან, რომელიც Team Grenadier-მა შეიმუშავა, მხოლოდ ერთ-ერთია.

LMV-ის პროგრამა დიდი ბრიტანეთის არმიის ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი Land Mobility Programme-ის ნაწილია. ეს უკანასკნელი 20-წლიანი გეგმაა, £4 მილიარდის ღირებულებით, რომლის ფარგლებშიც 13 000-ზე მეტი სამხედრო ავტომობილის შეძენა იგეგმება. მათ შორისაა 863 ერთეულამდე Light Mobility Vehicle.

LMV-ის კანდიდატების გამოცხადება ოქტომბრის ბოლოს დაიწყება, სადაც Team Grenadier-ს კონკურენციას Land Rover-ის ბაზაზე შექმნილი სხვა პროექტიც გაუწევს. შესაბამისად, შეჯავშნილი Grenadier-ის ბედიც სწორედ სამხედრო გამოცდებზე გადაწყდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები