პოლიციამ მფლობელებს სუპერქარები ძალიან დაბალი სიჩქარით მოძრაობისთვის ჩამოართვა
გაერთიანებულ სამეფოში ძვირად ღირებული ავტომობილების მფლობელთა კიდევ ერთი ჯგუფი მოექცა სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში. Greater Manchester Police-ის ინფორმაციით, საპატრულო დანაყოფებმა მფლობელებს, სახიფათო მართვისთვის, ხუთი Lamborghini და ერთი Mercedes-Benz G-Class-ი ჩამოართვეს.
ინციდენტი ორი სექტემბრის საღამოს მოხდა. GMP-ის სატრანსპორტო პოლიციისა და დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებაში რამდენიმე შეტყობინება შევიდა, რომელთა თანახმადაც, ძვირად ღირებული ავტომობილების კოლონა M66 ავტომაგისტრალზე სახიფათოდ გადაადგილდებოდა და სხვა მძღოლებისთვისაც საშიშროებას ქმნიდა.

Lambo-ებისა და G-Wagon-ის მძღოლების წინააღმდეგ სარჩელები საკმაოდ მრავალფეროვანიც იყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტომობილები სიჩქარის დაშვებულ ლიმიტს აჭარბებდნენ, ზოლებს იცვლიდნენ და სხვა მძღოლებისთვის მაგისტრალზე მოძრაობას ართულებდნენ. თუმცა, ყველაზე უცნაური ის დეტალია, რომ კოლონამ გარკვეულ მომენტში მოძრაობა, პირიქით, ძალიან შეანელა. ისინი ავტომაგისტრალზე მხოლოდ 27 კმ/სთ-ით გადაადგილდებოდნენ, რითაც აფერხებდნენ მოძრაობას და სერიოზული საცობიც კი შექმნეს.
სამართალდამცველებმა საბოლოოდ მძღოლების შეჩერება შეძლეს და ექვსივეს ავტომობილი ჩამოართვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამორთმეულ ავტომობილებს შორის შესაძლოა დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ღირებულების Lamborghini Aventador SVJ-ც ყოფილიყო.

GMP-ის სატრანსპორტო პოლიციისა და დანაშაულთან ბრძოლის მიმართულების უფროსი ინსპექტორის, დენი კაბალის, განცხადებით, გზების სარბოლო ტრასად გამოყენება მიუღებელია. „ეს გაფრთხილება უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც ჰგონია, რომ ჩვენს გზებს სარბოლო ტრასად გამოიყენებს. მათ ავტომობილებს ჩამოართმევენ და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდება“, — განაცხადა კაბალმა.
რა თქმა უნდა, ძვირად ღირებული ავტომობილების კოლონად შეკრება დანაშაული არაა, თუმცა პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ისინი სხვებისთვის საფრთხეს ქმნიან და საზოგადოებრივ გზებს სარბოლო ტრასად იყენებენ. ამ ისტორიაში კი ირონიული ისაა, რომ სახიფათო არა მარტო გადაჭარბებული სიჩქარე, არამედ ავტომაგისტრალზე ზედმეტად ნელი მოძრაობაც კი იყო. განსაკუთრებით კი იქ, სადაც ეს სხვა მძღოლებისთვის მოულოდნელ და სახიფათო სიტუაციებს ქმნის.