ავარია, ავტოსაგზაო შემთხვევა, ჩინეთი, რობოტაქსი, თვითმართვადი ავტომობილები
Aa
Aa

ქაოსი ვუჰანის ავტობანზე | Baidu-ს რობოტაქსების სისტემურმა ხარვეზმა ავარიების სერია გამოიწვია

ამ კვირის დასაწყისში ჩინეთის ავტომაგისტრალებზე Baidu Apollo Go-ს რამდენიმე თვითმართვადი რობოტაქსი ჯაჭვური ავარიების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ეს შემთხვევა კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ როდესაც ავტონომიური სისტემები „ჭედავენ“, მოვლენები ძალიან სწრაფად და სახიფათოდ ვითარდება.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სისტემურმა გაუმართაობამ აიძულა Baidu-ს რამდენიმე ავტომობილი, ქალაქ ვუჰანის მაგისტრალებზე მოულოდნელად, შუა გზაზე გაჩერებულიყო. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ჩართული საავარიო სიგნალებით გაჩერებული არაერთი რობოტაქსი, რომლებიც პირდაპირ მოძრავ ზოლებში არიან გაშეშებული.


ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც X-ზე გავრცელდა, ჩანს, როგორ ეჯახება მაღალი სიჩქარით მოძრავი SUV გზის შუაგულში გაშეშებულ რობოტაქსის. მძღოლის თქმით, მას რეაგირებისთვის დრო საერთოდ არ ჰქონდა, რის გამოც მისი ავტომობილის წინა ნაწილი სრულად განადგურდა.

იმავე დღეს სულ მცირე კიდევ ორი მსგავსი შეჯახება დაფიქსირდა. თუმცა, პრობლემა მხოლოდ ავარიებით არ შემოიფარგლა — სისტემურმა ხარვეზმა მგზავრები რობოტაქსების შიგნით გამოკეტა.

გამოცემა Wired-თან საუბრისას, ადგილობრივმა სტუდენტმა თავისი გამოცდილება აღწერა: ის მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ასეთ ავტომობილში 90 წუთის განმავლობაში იყო ჩაკეტილი. რობოტაქსი მგზავრობისას ოთხჯერ თუ ხუთჯერ გაჩერდა, სანამ საბოლოოდ გზაჯვარედინთან არ გაიყინა. ავტომობილის ეკრანი მგზავრებს მოუწოდებდა, ღვედები არ შეეხსნათ, ხოლო Baidu-ს ოპერატორთან დაკავშირებას მათ 30 წუთი მოანდომეს.

რამდენიმე ათწლეულის წინ ჩინეთის გზებზე სკუტერები და ველოსიპედები დომინირებდნენ, თუმცა ეკონომიკურმა ზრდამ მაგისტრალები ავტომობილებით გადაავსო. თუ ამ სურათს სრულიად ავტონომიურ რობოტაქსებს დავამატებთ, რომლებსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ შუა გზაზე გაჩერება, სახეზე კატასტროფის რეცეპტს მივიღებთ.

ინციდენტი კიდევ ერთხელ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ იმას, თუ რამდენად მზად არიან ავტონომიური ავტომობილები რეალურ პირობებში მოულოდნელ ხარვეზებთან გასამკლავებლად. 

მსგავსი სიახლეები