ლოტუსი, ტუნინგი, სპორტქარი, ლოტუს ესპრიტი, ლოტუს ესპრი, ენკორი
Aa
Aa

ტუნერებმა Lotus Esprit-ი განაახლეს | მის ფასად 2 Ferrari Roma-ს შეიძენთ

ავტოინდუსტრიაში კლასიკური მოდელების განახლების ტრენდი სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს და ამჯერად ყურადღების ცენტრში საკულტო ბრიტანული მოდელი, Lotus Esprit S1 მოხვდა. ბრიტანულმა ტუნინგ-ატელიე Encor-მა გადაწყვიტა ამ სოლისებრი ფორმის მქონე ლეგენდისთვის ახალი სიცოცხლე შთაებერა და განახლებული სპორტქარის 50 ერთეულის გამოშვება დააანონსა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად ავტომობილი ლეგენდარული ჯორჯეტო ჯუჯაროს მიერ შექმნილ 1975 წლის პირველი სერიის (S1) დიზაინს იმეორებს, მისი ტექნიკური საფუძველი ბევრად უფრო თანამედროვე, 1994 წლის მეოთხე სერიის (S4) მოდელია, რომელიც ინჟინრებმა უფრო მტკიცე შასისა და დახვეწილი სტრუქტურის გამო შეარჩიეს.

ამ განახლების მთავარი ღირსება მისი 3.5-ლიტრიანი, ორტურბინიანი V8 ძრავაა. ახალი ტურბოკომპრესორების, დგუშებისა და ინჟექტორების წყალობით, აგრეგატი 400 ცხენის ძალასა და 474 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ძრავას საოცრად ღრმა და აგრესიული ჟღერადობა აქვს, რომელიც უფრო მეტად ატმოსფერულ რვიანებს მოგაგონებთ, ვიდრე ტურბინიან სისტემებს. გამომუშავებული სიმძლავრე უკანა თვლებს ხუთსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება, რაც ავტომობილს საშუალებას აძლევს 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 4 წამში აჩქარდეს — Esprit-ის მაქსიმალური სიჩქარე კი 281 კმ/სთ-ს შეადგენს.

მართვის ნამდვილი Lotus-ისებური შეგრძნების შესანარჩუნებლად, Encor-მა ავტომობილი ჰიდრავლიკური საჭითა და AP Racing-ის მძლავრი მუხრუჭებით აღჭურვა. ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებულმა კორპუსმა ინჟინრებს საშუალება მისცა, რომ ავტომობილის წონა მხოლოდ 1 200 კილოგრამამდე დაეყვანათ, რაც მას თანამედროვე სუპერქარებისთვის დამახასიათებელ სიმძლავრისა და წონის იდეალურ ბალანსს ანიჭებს.

ცხადია, ეს ყველაფერი საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. თითოეული ეგზემპლარის ფასი დაახლოებით 570 000 დოლარიდან იწყება, რაც ორ ახალ Ferrari Roma-ზე მეტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფასს თავიდან აირიდებთ, თუ Esprit-ი გყავთ და მას Ecnor-ს თავად მიუყვანთ...

მსგავსი სიახლეები