აუქციონი, პორშე 911, პორშე, ტუნინგი, ტარგა, რაფი, რაფ 911
Aa
Aa

აუქციონზე ყველაზე იშვიათი Ruf 911 გამოჩნდა

ავტოინდუსტრიაში ტიუნინგის თანამედროვე ტალღის გამოჩენამდე ათწლეულებით ადრე, არსებობდა ერთი ადგილი, რომელსაც Porsche-ს მფლობელები საკუთარი ავტომობილების სრულყოფილებამდე მისაყვანად სტუმრობდნენ — ეს კომპანია ყველასათვის კარგად ნაცნობი Ruf-ია. 1930-იან წლებში დაარსებული სარემონტო სახელოსნო დროთა განმავლობაში დამოუკიდებელ მწარმოებლად იქცა, რომელმაც 1977 წლიდან მოყოლებული, არაერთი საკულტო მანქანა შექმნა.

ასევე იხილეთ: რატომ მოკლეს Porsche-ს ლეგენდარული „ტუნერი" განგსტერებმა?

დღეს Ruf-ის ნებისმიერი მოდელი კოლექციონერებისთვის ნამდვილი განძია, თუმცა მათ შორისაც კი არსებობს განსაკუთრებული და ძალიან იშვიათი ეგზემპლარები. სწორედ ასეთია 1985 წლის Porsche 911 Carrera Targa, რომელიც BTR III სპეციფიკაციითაა გადაკეთებული და მსოფლიოში მისი მხოლოდ ერთადერთი ეგზემპლარი არსებობს.

ავტომობილი Ruf-მა 1990 წელს სრულად განაახლა: დაუმონტაჟა ახალი წინა სპოილერი და Turbo-ს სტილის უკანა ფრთა, ასევე 17-დუიმიანი საფირმო Ruf Speedline დისკები. მოდელის მთავარი ღირსება 3.4-ლიტრიანი ტურბოჩაბერვის მქონე ექვსცილინდრიანი ძრავაა, რომელიც 408 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ხუთსიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთანაა შეწყვილებული.

ეს უნიკალური ტარგა 2024 წლამდე პირველ მფლობელს ეკუთვნოდა, რის შემდეგაც SV Automotive Engineering-მა მას სრული რესტავრაცია ჩაუტარა. ავტომობილი ხელახლა შეიღება, განახლდა დაკიდების სისტემა და მუხრუჭები. ინტერიერში შეიცვალა ხალიჩები, თუმცა შენარჩუნდა თავდაპირველი დეტალები: Ruf-ის კონდიცირების სისტემა, Blaupunkt-ის კასეტებიანი მაგნიტოფონი და ტყავით გაწყობილი Ruf-ის საჭე. რესტავრაციის ფარგლებში ძრავა, ფაქტობრივად, თავიდან აიწყო — შეიცვალა დგუშები, სარქველები, საწვავისა და ზეთის არხები, ასევე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტურბინას.

ამჟამად ეს იშვიათი მოდელი კალიფორნიაში იმყოფება და გასაყიდად PCar Market-ის პლატფორმაზეა გამოტანილი. ავტომობილს შექმნის დღიდან მხოლოდ 46 100 კილომეტრი აქვს გავლილი, რესტავრაციის დასრულების შემდეგ კი მფლობელმა სულ რაღაც 48 კილომეტრი დაფარა. ასეთი იშვიათი და ახალივით შენახული Ruf-ის პოვნა დღეს თითქმის შეუძლებელია, რაც მას ნებისმიერი ავტოფარეხის ნამდვილ მარგალიტად აქცევს.

მსგავსი სიახლეები