დოჯი, სპორტული მოდელები, სპორტქარი, დოჯი ნეონი, მეტ მაკელეარი
Aa
Aa

Dodge-ის აღმასრულებელი დირექტორი: ბაზარზე ხელმისაწვდომი სპორტქარებისთვის ადგილი კვლავ არის

ხელმისაწვდომი ფასის მაღალი ხარისხის ავტომობილები, განსაკუთრებით კი სპორტქარები, დროის გასვლასთან ერთად სულ უფრო იშვიათი ხდება. Mazda Miata-სა და Toyota GR86 / Subaru BRZ-ის გარდა, ამერიკელი ავტომოყვარულთათვის, რომლებიც ხელსაყრელ ფასად კარგ „გასართობს“ ეძებენ, ბაზარზე დიდი არჩევანი აღარ დარჩენილა.

როგორც ჩანს, Dodge-ის გუნდსა და მის ხელმძღვანელობას ეს მოცემულობა არ გამოპარვიათ. ნიუ-იორკის ავტოშოუზე გამოცემა The Drive-თან საუბრისას, აღმასრულებელმა დირექტორმა, მეტ მაკელეარმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, Dodge-ის მაღალი ხარისხის ხელმისაწვდომ ავტომობილებზე მომხმარებლების მხრიდან კვლავ მაღალი მოთხოვნაა. აღნიშნულ მოსაზრებასთან დაკავშირებით მაკელეარმა განმარტა:

„დიახ, ხელმისაწვდომი ავტომობილების ბაზარზე მოთხოვნა მართლაც არსებობს. განსაკუთრებით ისეთ პროდუქტზე, რომელიც სხვებს არ აქვთ და რომელიც ჩვენ კონკურენტებისგან განსხვავებულს გვხდის“.

მიუხედავად იმისა, რომ მაკელეარმა კონკრეტული მოდელების დადასტურებისგან თავი შეიკავა (მაგალითად, როგორიც Neon-ის პოტენციური დაბრუნება იქნებოდა), Dodge-ის CEO-მ აღნიშნა, რომ მათი ბრენდის მომხმარებლები ეძებენ რაიმე უფრო ხელმისაწვდომს, ვიდრე Dodge-ის ამჟამინდელი ხაზია. მაკელეარს The Drive-თან საუბრისას ისიც არ დაუმალავს, რომ სურს, რაიმე „ახალი მოხდეს“.

ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც Dodge-ის CEO მსგავსი განცხადებით გამოდის. თებერვალში მაკელეარმა თქვა, რომ ბაზარზე $30 000-ზე ნაკლები ღირებულების სპორტქარებისთვის ადგილი შესაძლოა კვლავ იყოს. მან ასევე დასძინა, რომ ბრენდი აპირებს გააგრძელოს ზრდა და გაიმყაროს სტატუსი, როგორც „მაღალი ხარისხის ავტომობილების ამერიკულმა ბრენდმა“.

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ ეშინოდა ჰენრი ფორდს ძმები დოჯების? - დოჯის ისტორია

გამოცემები უკვე წერენ, რომ Dodge-ის ყველაზე რაციონალური ნაბიჯი ამ მხრივ Neon-ის, როგორც სპორტული, ხელმისაწვდომი სედანის აღორძინება იქნებოდა. მსგავსი მოდელი Honda Civic Si-სა თუ Hyundai Elantra N-ისთვის კონკურენციის გასაწევად შესაბამისი იქნებოდა. თუმცა, თუ Dodge-ს ისეთი მოდელებისთვის სურს პირდაპირი მეტოქეობის გაწევა, როგორიც Miata ან GR86-ია, მაშინ ამერიკულ ავტომწარმოებელს, სავარაუდოდ, უფრო მსუბუქი, ორკარიანი დიზაინი დასჭირდება.

მსგავსი სიახლეები