ილია თოფურიას კოლექციის ორი უიშვიათესი ავტომობილი
ესპანურენოვანი გამოცემა El Motor-ის ინფორმაციით, UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია სულ მცირე ორ მდიდრულ ავტომობილს ფლობს და მესამეს, რომლის შესახებაც თითქმის არაფერია ცნობილი. ერთ-ერთი ბოლო ავტომობილი, რომლის საჭესთანაც თოფურია მადრიდის ქუჩებში დაახლოებით ორი წლის წინ შენიშნეს, Aston Martin DB12 გახლდათ — ბრიტანული სპორტქარი, რომლის საბაზისო ღირებულება დაახლოებით 260 000 ევროს შეადგენს, თუმცა სპეციფიკაციების მიხედვით განსხვავებულია.

Aston Martin-ის ერთ-ერთი გამორჩეული მოდელის მთავარი მახასიათებელი არა მხოლოდ მისი დიზაინი, არამედ ის შესაძლებლობებია, რომელსაც DB12 კაპოტის ქვეშ მალავს. 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავით, უახლესი Aston Martin-ი 670 ცხენის ძალასა და 800-მდე ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ავტომობილი 0-დან 100-მდე სულ რაღაც 3.6 წამში ჩქარდება, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 325 კმ/სთ-ზე აღწევს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ DB12 ბრენდის პირველი, შიდა წარმოების საინფორმაციო-გასართობი სისტემითაც გახლავთ აღჭურვილი. 10.3-ინჩიანი ცენტრალური საინფორმაციო-გასართობი ეკრანი უსადენო Apple CarPlay-სა და Android Auto-ს უკავშირდება. სტანდარტულ კომპლექტაციაში 11-დინამიკიანი აუდიო სისტემა და 15-დინამიკიანი Bowers & Wilkins სისტემა შედის.
View this post on Instagram
ცნობისთვის, ეს მოდელი UFC-ის მებრძოლს Aston Martin-ის მადრიდულმა ცენტრმა 2024 წელს, ალექსანდერ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდგომ საჩუქრად გადასცა. ამ გამარჯვებამ თოფურიას ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონობა მოუტანა.
კიდევ ერთი ძვირად ღირებული მოდელი, რომელთან ერთად გადაღებული ფოტოც თოფურიამ El Motor-ის ინფორმაციით თავის Instagram გვერდზე გამოაქვეყნა — თუმცა მოგვიანებით წაშალა — 5.29 მეტრის სიგრძის Rolls-Royce Dawn-ის კაბრიოლეტია. Rolls-Royce-ის ეს მოდელი წარმოებაში აღარაა, თუმცა დღემდე კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ ავტომობილად რჩება.

ღირებულებისა და ვიზუალური მახასიათებლების გარდა კი, Rolls-Royce Dawn-ს ძრავაც გამოარჩევს, რომელიც სხვა ავტომობილებში იშვიათად გვხვდება. მოდელი 6.6-ლიტრიანი ტვინტურბო V12-ითაა აღჭურვილი, რომელიც 563 ცხენის ძალასა და 820 ნმ ბრუნვის მომენტს გამოიმუშავებს. ძრავა 8-სიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს უკავშირდება, მოდელი 0-დან 100-მდე 4.9 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს 250 კმ/სთ-ზე აღწევს.

El Motor-ის ცნობით, თოფურია ასევე შესაძლოა ფლობდეს იისფერ Lamborghini Aventador-ს, რომელიც რამდენიმე წლის წინ მის Twitter-ის გვერდზე გამოჩნდა. თუმცა უცნობია, ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა ეს მოდელი UFC-ის ქართველ მებრძოლს.