სუპერქარები, კანონები, ხელოვნური ინტელექტი, ფერარი, პორშე 911, პორშე, მერსედეს აიემჯი, პორშე 911 ჯითი3
Aa
Aa

ხელოვნურმა ინტელექტმა სუპერქარების €10-მილიონიან „სამალავს“ მიაგნო | მასშტაბური რეიდი საბერძნეთში

შესაძლოა, საბერძნეთში მოგზაურობის დროს შეგემჩნიათ კიდეც, რომ ქვეყნის ავტომაგისტრალებზე მოძრავი მდიდრული ავტომობილების არცთუ ისე მცირე ნაწილი სხვა ქვეყნის ნომრებით იყო აღჭურვილი. თუ მაშინ ამის მიზეზზე არ დაფიქრებულხართ, ახლა პასუხები ნამდვილად გვაქვს, რადგან ცოტა ხნის წინ საბერძნეთის საგადასახადო სამსახურმა ქვეყანაში მილიონობით ევროს ღირებულების თაღლითური სქემა გამოავლინა, რაშიც მას ხელოვნური ინტელექტის კამერები დაეხმარა.

საბერძნეთის საგადასახადო სამსახურმა მაგისტრალებზე დამონტაჟებული AI-კამერების მეშვეობით, ჯამში, 229 ძვირად ღირებული ავტომობილი დააყადაღა. მფლობელები ამ ძვირად ღირებულ ავტომობილებს სპეციალურად უცხოური ნომრებით მართავდნენ, რათა ქვეყანაში მოქმედი მაღალი გადასახადებისა და რეგისტრაციის საფასურისთვის თავი აერიდებინათ. ამ „ჭკვიანური“ რეიდის საშუალებით კი 10 მილიონი ევროს ღირებულების ავტომობილები აღმოაჩინეს, რომლებიც ქვეყნის ფარგლებში არალეგალურად გადაადგილდებოდნენ.

წლების განმავლობაში მფლობელებს მარტივი გამოსავალი ჰქონდათ — უცხოური ნომრების გამოყენებით საბერძნეთში მაღალი გადასახადებისგან თავი აერიდებინათ. თუმცა, 2025 წლის ბოლოს საბერძნეთმა საგზაო კამერების მონაცემები საბაჟო და საგადასახადო ბაზებს დაუკავშირა. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით სისტემამ ავტომატურად გამოავლინა Ferrari-ს, Porsche-ს, Bentley-სა და Mercedes-Benz-ის მოდელები, რომლებიც უცხოური ქვეყნის ნომრებით იყო აღჭურვილი და საბერძნეთში „ტურისტული სტატუსით“ ყოფნის ვადა დიდი ხნის ამოწურული ჰქონდათ.

სპეციალიზებულმა სამუშაო ჯგუფმა, DEOS-მა, რაც ბერძნულად „შიშს“ ნიშნავს, მონაცემებზე დაყრდნობით კანონდამრღვევთა ძებნა დაიწყო. ოფიცრებმა კოორდინირებული რეიდები ჩაატარეს მაღალი კლასის ავტომობილების სადილეროებში, კერძო ავტოფარეხებსა და ბიზნესცენტრებში. შედეგად კი 229 ავტომობილი ამოიღეს, რომელთა საერთო ღირებულება 10 მილიონ ევროს აჭარბებდა.

საბერძნეთის სახელმწიფო შემოსავლების დამოუკიდებელი ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე ისეთი ძვირად ღირებული ავტომობილები ჩანს, როგორებიცაა: თეთრი ფერის Ferrari 599 GTB Fiorano, ყვითელი Ferrari F430 Spider, ლურჯი Mercedes-AMG G63 და იისფერი Porsche 911 GT3 (911). ოფიციალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ რეალურად კანონდამრღვევთა რიცხვი, შესაძლოა, ბევრად უფრო დიდი იყოს, რის გამოც გამოძიება გრძელდება.

ცნობისთვის, საბერძნეთში მოქმედი კანონმდებლობით, უცხოური ნომრების მქონე ავტომობილს ქვეყანაში ლეგალურად გადაადგილების უფლება მაქსიმუმ ექვსი თვის ვადით აქვს. ეს მოიცავს 185 დღეს ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში. თუმცა, ეს ეხებათ იმ არარეზიდენტ პირებს, მათ შორის ტურისტებს, რომლებიც ლეგალურად საბერძნეთის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ.

მსგავსი სიახლეები