აშშ, ქურდობა, ლოს ანჯელესი, პორშე 911, პორშე
Aa
Aa

ლოს-ანჯელესში ქურდებმა Porsche 911 ბოლო ჭანჭიკამდე დაშალეს

ლოს-ანჯელესში, სადაც ავტომობილების ქურდობა, როგორც წესი, არავის აოცებს, კრიმინალებმა მოახერხეს და ადგილობრივები მაინც გააკვირვეს. ძვირად ღირებული მანქანების მფლობელები ხშირად GPS ტრეკერების იმედად არიან, თუმცა, ეს ფაქტი აჩვენებს, რომ თავისი საზღვრები უსაფრთხოების ყველა ზომას აქვს.

როდესაც პოლიციამ შავი Porsche 911 Carrera Cabriolet-ის ნარჩენები იპოვა, ავტომობილს ის ნაკლებად ჰგავდა... გზის პირას მიგდებული ლითონის შიშველი კორპუსი ისეთი მეთოდურობითა და სიზუსტითაა გაძარცული, რომ ჩნდება კითხვა —  რა დრო და ძალისხმევა დასჭირდათ ქურდებს მოდელის ასე გასაუბედურებლად?

ასევე იხილეთ: რატომ მოკლეს Porsche-ს ლეგენდარული „ტუნერი" განგსტერებმა?

როგორც წესი, ქურდები ისეთ დეტალებს ეძებენ, რომელთა მოხსნაც ადვილია (მაგალითად, მაშუქები ან დისკები), მაგრამ ამ შემთხვევაში დამნაშავეებმა პროფესიონალურად იმოქმედეს — ავტომობილს აკლია სახელგანთქმული ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავი და PDK გადაცემათა კოლოფი. ასევე, დისკები, საბურავები და მთლიანი დაკიდების სისტემა. ხელუხლებელი არც ექსტერიერია — წაღებულია კაპოტი, ბამპერები, ფრთები, კარები და სახურავიც კი.


სრულად არის გამოშიგნული სალონიც — სავარძლები, საჭე, ხელსაწყოების პანელი, მულტიმედიის სისტემა, უსაფრთხოების ბალიშები და ღვედები გამქრალია. ინტერნეტ-მომხმარებლები თავიდან ფიქრობდნენ, რომ ეს Mazda MX-5-ის კორპუსი იყო, თუმცა სატერფულებისა და უკანა ნაწილის ფორმით ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ ეს 992 თაობის 911-ია. მხოლოდ ზღურბლის ფირფიტები დარჩა ხელუხლებელი, რითაც დადგინდა, რომ ეს სტანდარტული Carrera-ს კომპლექტაცია იყო და არა რომელიმე უფრო მაღალი სპეციფიკაციის მოდელი.

ალბათ, იფიქრეთ, ბარემ მთლიანი მანქანა წაეღოთო, თუმცა ცალკეული დეტალების გაყიდვით მიღებული თანხა ხშირად აჭარბებს მთლიანი ავტომობილის ღირებულებას. გარდა ამისა, კორპუსის მიტოვებით ქურდებმა თავიდან მოიშორეს ყველაზე სახიფათო დეტალი — შასი, რომელზეც ავტომობილის საიდენტიფიკაციო კოდია დატანილი.

პოლიციამ დაადასტურა, რომ მფლობელი უკვე ინფორმირებულია. მიუხედავად იმისა, რომ კორპუსი სტრუქტურულად დაუზიანებელია, მისი აღდგენა აზრს მოკლებულია. ყველა დაკარგული დეტალის შეძენა და ხელახალი ინსტალაცია იმაზე ბევრად ძვირი დაჯდება, ვიდრე თავად ავტომობილი ღირს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები