Nissan-ი ლეგენდარული მოდელების გაცოცხლებას გეგმავს? | სპორტქარების ხაზი ბრუნდება
Nissan-ი სრული ძალებით დაბრუნებისთვის ემზადება. დასავლური გამოცემების ცნობით, კომპანიამ იაპონიაში მდებარე თავის შტაბ-ბინაში ახალი Rogue E-Power Hybrid-ი წარადგინა და Xterra-ს სახელწოდების დაბრუნებაზეც ისაუბრა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია — რეალურად, იაპონურ ავტომწარმოებელს უფრო დიდი გეგმები აქვს.
Nissan-ის გლობალური პროდუქტების სტრატეგიის ხელმძღვანელის, რიჩარდ კენდლერის განცხადებით, ავტომწარმოებელს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, წარმოებაში სპორტული ავტომობილების ხაზი დააბრუნოს. და არა მხოლოდ GT-R და Z — იაპონური მარკის მოყვარულებმა, შესაძლოა, მომავალში კიდევ არაერთი საინტერესო სახელი იხილონ.

„ჩვენ კვლავ საფუძვლიანად შევისწავლით სპორტულ ხაზს. გვსურს რამდენიმე მაგარი ავტომობილის შექმნა. პირველი მანქანა, რომელიც მე შევიძინე, Silvia იყო, ამიტომ ამ სახელწოდებასაც დიდი სიამოვნებით დავაბრუნებდი. ვფიქრობ, რომ ეს მოდელი ნამდვილად ღირებულია და მისთვის ადგილი კვლავ არის. ამისათვის სწორი გადაწყვეტა უნდა ვიპოვოთ“, — განაცხადა კენდლერმა.
ასევე იხილეთ: როგორ გაიქცა იაპონიის ციხიდან Nissan-ის გადამრჩენელი ბოსი?
ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც Nissan-მა Silvia-ს აღორძინებასთან დაკავშირებით მიგვანიშნა. რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებაში ავტომწარმოებლის აღმასრულებელმა დირექტორმა ივან ესპინოზამ თქვა, რომ მომდევნო თაობის R36 GT-R-თან ერთად, წარმოებაში, შესაძლოა, პარალელურად კიდევ უფრო მეტი სპორტული ავტომობილი ვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ესპინოზას Silvia-ს დაბრუნება არ დაუდასტურებია, მან გადაწყვეტით თქვა, რომ მომავალ „პორტფოლიოში კიდევ უფრო მეტი სპორტული ავტომობილი იქნება წარმოდგენილი“.

ასევე დაგაინტერესებთ: Nissan-ის აღმასრულებელი დირექტორი ნამდვილი ავტომოყვარულია
როგორი შეიძლება იყოს Silvia-ს ახალი მოდელი — რა თქმა უნდა, ამის თქმა ჯერ გაგვიჭირდება. სავარაუდოდ, Nissan-ი სპორტქარით ისეთ კონკურენტებს ამოიღებს სამიზნეში, როგორებიცაა Mazda Miata და Toyota GR86 / Subaru BRZ. და როგორც კენდლერი ამბობს, მათი პროდუქტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელმისაწვდომობა იქნება — როგორც ფასზე, ასევე რაოდენობაზე.