იუბილე, რეინჯ როვერი, რეინჯ როვერ სპორტი, ქროსოვერი, სპეციალური მოდელი
Aa
Aa

Range Rover Sport-ი 20 წლისაა | ბრენდი ექსკლუზიურ Twenty Edition-ს წარადგენს

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ Range Rover Sport-ი 20 წლის გახდა. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, კომპანიამ მოდელის სპეციალური ვერსია — Twenty Edition წარადგინა.

ახალი მოდელი Range Rover Sport Dynamic SE-ს ბაზაზეა შექმნილი. ექსტერიერი გამორჩეულია Black Exterior კომპლექტაციითა და ფრთებზე დატანილი დახვეწილი ლოგოებით წარწერით Twenty. ავტომობილი აღჭურვილია გიგანტური, 23-დუიმიანი დისკებით, რომლებიც ხელმისაწვდომია როგორც პრიალა შავ, ისე ვერცხლისფერ ფერებში.

მყიდველს არჩევა სამ ფერს შორის შეეძლება, ესენია: Santorini Black, Ostuni White და განსაკუთრებული Sanguinello Orange. ეს უკანასკნელი პატივს მიაგებს 2004 წლის Range Stormer-ის კონცეფციისა და პირველი თაობის Range Rover Sport-ის ლეგენდარულ ფერს — Vesuvius Orange-ს...

არანაკლებ დიდებულია ინტერიერიც — აქ დაგხვდებათ Ebony Windsor-ის ტყავის სპორტული სავარძლები, რომლებიც Range Rover Sport SV-დან არის გადმოტანილი, ნახშირბადის ბოჭკოს დეტალები და ჭერზე შავი ზამშის საფარი. კომფორტი, ცხადია, კვლავ პრიორიტეტია — წინა სავარძლების გათბობა-ვენტილაციისა და მასაჟის ფუნქციები, უკანა სავარძლების გათბობა/ვენტილაცია, ორზონიანი კლიმატკონტროლი და Meridian 3D-ის 18-დინამიკიანი აუდიოსისტემა ამის საუკეთსო მაგალითია. Twenty Edition-ი აღჭურვილია 13.7-დუიმიანი ციფრული ხელსაწყოების პანელითა და 13.1-დუიმიანი მულტიმედიის მონიტორითაც.

რაც შეეხება ძალურ აგრეგატს, კაპოტის ქვეშ 4.4-ლიტრიანი, 2-ტურბინიანი V8 ძრავა იმალება, რომელიც 523 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. ეს სიმძლავრე ქროსოვერს საშუალებას აძლევს, 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 4.3 წამში აჩქარდეს — ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ია.

Range Rover Sport Twenty Edition-ის შეკვეთა უკვე შესაძლებელია. აშშ-ის ბაზარზე მისი ფასი 114 800 დოლარიდან იწყება. მართალია, ეს იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა საიუბილეო რეინჯ როვერისგან ბიუჯეტურობას, ალბათ, არც ელოდით...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები