პორშე 911, პორშე, პორშე 911 ჯითი3, პორშე სპიდსტერი
Aa
Aa

Porsche 911 GT3 S/C: კაბრიოლეტი ექსკლუზიურად მექანიკური კოლოფით

Porsche-ს გაყიდვები უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში კლების ტენდენციას ინარჩუნებს, რასაც ვერ ვიტყვით მის საკულტო მოდელ 911-ზე, რომელიც ამ ტენდენციას ეწინააღმდეგებოდა. 2025 წელს მხოლოდ ამ მოდელის მიწოდებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს, 51 583 ერთეულს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წლის მარტის თვის მონაცემებით, გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22%-ით — 13 889 ერთეულამდეა გაზრდილი.

ავტომწარმოებელი დაუღალავად აფართოებს ხაზს, რათა თავისი 911-ის მიმართ მიმზიდველობა კიდევ უფრო გაზარდოს. GT3 S/C (სპორტული კაბრიოლეტი) კი სწორედ იქიდან აგრძელებს არსებობას, სადაც Speedster-ის წარმოება შეწყდა, თუმცა მისი პირდაპირი მემკვიდრე არაა. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ეს პირველი GT3-ვერსიაა, რომელსაც სრულიად ავტომატური სახურავი აქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სახურავის გასახსნელად ავტომობილიდან გადმოსვლა არ დაგჭირდებათ. ღილაკზე მხოლოდ ერთი დაჭერით, ქსოვილის სახურავის გადაკეცვას სულ რაღაც 12 წამი სჭირდება (შესაძლებელია მხოლოდ 50 კმ/სთ სიჩქარემდე).

სახურავის ახალ მექანიზმს წონის შემცირებაც მოჰყვება, თუმცა Porsche აცხადებს, რომ GT3 S/C მხოლოდ 30 კილოგრამით მძიმეა, ვიდრე Speedster-ი. ევროპული ანალოგის წონა 1 497 კილოგრამია. საინტერესოა, რომ ეს არის 911-ის პირველი კაბრიოლეტი, რომელიც წინა ღერძზე ორბერკეტიან საკიდარს იყენებს, ხოლო ძარა ისეა დარეგულირებული, რომ მართვისას ზუსტად ისეთივე შეგრძნებას ტოვებდეს, როგორიც Porsche 911 GT3 Touring Package.

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ მოკლეს Porsche-ს ლეგენდარული „ტუნერი" განგსტერებმა?

წონის შემცირების მიზნით, ავტომწარმოებელმა კაპოტის, მაშუქების, კარებისა და უკანა საყრდენი ღერძისთვის კარბონი გამოიყენა. სხვა მხრივ, ამ მოდელში სტანდარტულ მაგნიუმის დისკებსა და კერამიკულ მუხრუჭებს ვხვდებით, რაც დაბალანსებულ დინამიკას უწყობს ხელს. უკანა სავარძლები ამოღებულია, რაც GT3 S/C-ს ერთადერთ 911-კაბრიოლეტად აქცევს, რომელიც მკაცრად ორადგილიანია.

რაც შეეხება ავტომობილის შესაძლებლობებს: მოდელი 4-ლიტრიანი, ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 9000 ბრ/წთ-მდე აღწევს. მაღალბრუნვადი ბოქსერ-ძრავა 502 ცხენის ძალასა და 450 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს, რითაც GT3 კუპეს უტოლდება. შედეგად, ავტომობილი 0-დან 100-მდე 3.9 წამში ჩქარდება და მაქსიმალურ სიჩქარეს — 313 კმ/სთ-ს აღწევს.

განსხვავებით წინამორბედი Speedster-ისგან, რომელიც Porsche-ს წარმოების დაწყების წლის აღსანიშნავად, სიმბოლურად, მხოლოდ 1 948 ერთეულით გამოიცა, ახალი GT3 S/C ლიმიტირებული სერია არ არის. თუმცა ის მაინც ინარჩუნებს "ენთუზიასტების მანქანის" სტატუსს, რადგან კუპე ვერსიისგან განსხვავებით (რომელიც ავტომატური კოლოფითაც ხელმისაწვდომია), ეს მოდელი ექსკლუზიურად მხოლოდ სამპედლიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით გამოდის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე Porsche-ს სადილეროებში 911 GT3 S/C შემოდგომაზე გამოჩნდება. ახალი მოდელის ფასი 275 350 აშშ დოლარიდან იწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები