სუვი, კადილაკ ესკალეიდი, ინფინიტი, ინფინიტი ქიუიქს80
Aa
Aa

Escalade-ს პრობლემები აქვს — ახალი Infiniti QX80 მოსალოდნელზე ადრე გამოვა

Infiniti ბაზარზე თავისი ფლაგმანის, QX80-ის, პერფორმანსზე ორიენტირებულ ვერსიას იმაზე ადრე გამოუშვებს, ვიდრე ველოდით. კომპანიამ დაადასტურა, რომ Cadillac Escalade-V-ის მთავარი კონკურენტი გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლომდე ჩაეშვება.

გასულ წელს Infiniti-მ QX80-ის ორი უმშვენიერესი კონცეფცია წარადგინა: 650-ცხენისძალიანი Track Spec და კიდევ უფრო გიჟური R-Spec, რომელიც GT-R-ის ძრავით იყო აღჭურვილი და 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. როგორც მოსალოდნელი იყო, სერიულ წარმოებაში სწორედ Track Spec-ის ბაზაზე შექმნილი მოდელი ჩაეშვება.

Nissan-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა პონზ პადრიკუთირამ განაცხადა, რომ მანქანაში ორტურბინიანი V6 უკვე დევს. მისი თქმით, მოდელის სიმძლავრე 600 ცხ.ძ-ს გადააჭარბებს და ის ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლომდე აუცილებლად იქნება. 

არსებობს ვარაუდი, რომ იაპონური ავტომწარმოებელი ამ მოდელისთვის ლეგენდარულ Red Sport სახელს დააბრუნებს, რათა ბრენდის საწარმოო ხაზში შეიტანოს აგრესია, რომელიც ინფინიტის ბოლო წლებში ასე ძალიან აკლია. მხოლოდ ძრავის გაძლიერება საკმარისი არ იქნება. მოსალოდნელია, რომ სერიული მოდელი Track Spec კონცეფციისგან ბევრ ვიზუალურ დეტალს გადმოიღებს — აგრესიული და დაკუნთული იქნება წინა სპლიტერი, გაფართოვდება ბორბლების თაღები და განახლდება გვერდითა „ქვედაბოლოებიც“.

აგრესიული იქნება მოდელის უკანა მხარეც — აქ ოთხმაგ გამოსაბოლქვ მილსა და სპეციალურ დიფუზორს შევხვდებით. გარდა ამისა, ახალი QX80 24-დუიმიანი დისკებითა და Brembos სამუხრუჭე სისტემითაც აღიჭურვება, რაც 600-ცხენისძალიანი გიგანტის შესაჩერებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

მიუხედავად დიდი ინტერესისა, ამ ავტომობილის ყიდვა ადვილი არ იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, Infiniti აშშ-ის ბაზარზე წელიწადში მხოლოდ 600 ეგზემპლარის გაყიდვას გეგმავს. დილერებს შორის ავტომობილები მათი ამჟამინდელი გაყიდვების მიხედვით განაწილდება. ასე რომ, გარდა იმისა, რომ ეს QX80 ნამდვილი „მხეცი“ იქნება, ის ამავე დროს იშვიათ რარიტეტადაც იქცევა.

მსგავსი სიახლეები