მოპარვიდან 17 წლის შემდეგ ნაპოვნი რელიქვია | 1969 წლის Chevy Camaro პატრონს დაუბრუნდა
ვინც ოდესმე ავტომობილის ქურდობის მსხვერპლი გამხდარა, იცის, რომ იმედი მისი სრულყოფილი ფორმით (ან საერთოდ) დაბრუნებისა უმჯობესია, არ ჰქონდეს. თუმცა, კალიფორნიელ ვიქტორ მუნიოსს ისეთი რამ გადახდა, რასაც ვერცერთი სცენარისტი ვერ მოიფიქრებდა — მან 17 წლის წინ მოპარული, მამისეული 1969 წლის Chevrolet Camaro იპოვა.
ეს კამარო ვიქტორისთვის მხოლოდ რკინის გროვა არ არის. მამამისმა, დევიდ მუნიოსმა, ვიეტნამის ომიდან დაბრუნების შემდეგ ავტომობილი სრულიად ახალ მდგომარეობაში შეიძინა — როცა ვიქტორი 16 წლის გახდა, მამამ ეს ლეგენდარული მასლ-ქარი მას აჩუქა.
რამდენიმე წელიწადში მან ავტომობილი სარესტავრაციოდ ერთ-ერთ სახელოსნოში მიიყვანა, საიდანაც ის მოიპარეს. მას შემდეგ 17 წელი გავიდა — ვიქტორი ფიქრობდა, რომ მამის ხსოვნის ეს უმთავრესი სიმბოლო სამუდამოდ დაკარგა (დევიდ მუნიოსი 2017 წელს გარდაიცვალა).
წარმოიდგინეთ ვიქტორის გაოცება, როდესაც მას პოლიციიდან დაურეკეს. ავტომობილის კორპუსი ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში, ქალაქ უიტიერში იპოვეს — იმ ადგილიდან სულ რაღაც 30 მილის დაშორებით, საიდანაც კამარო გაუჩინარდა. როგორც გაირკვა, ახალმა მფლობელმა ის ისე შეიძინა, რომ არც კი იცოდა, თუ ავტომობილი მოპარული იყო.
ემოციებმა პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც ევაკუატორმა მუქი მწვანე კამაროს კორპუსი ვიქტორის სახლთან მიიტანა.
„17 წელია ეს მანქანა არ მინახავს... ვერ ვიჯერებ, რომ ის ისევ ჩემს ავტოფარეხში დგას“, — განაცხადა აცრემლებულმა ვიქტორმა.
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილისგან მხოლოდ კორპუსია დარჩენილი, მფლობელი დანებებას არ აპირებს. ის გეგმავს 50 000 დოლარის შეგროვებას, რათა კლასიკურ მასლ-ქარს პირვანდელი სახე დაუბრუნოს. ვიქტორი რესტავრაციის პროცესს თავის ინსტაგრამზე (@downeydaves) აზიარებს, სადაც ამ წარმოუდგენელ ისტორიას დეტალურად ყვება.