ომი ფრთებისთვის | Aston Martin-ი საკუთარ აქციონერს სასამართლოში უჩივის
დღესდღეობით ფრთებს თავის ლოგოზე ათზე მეტი ავტომწარმოებელი იყენებს, თუმცა Aston Martin-ისთვის, რომელიც ამ სიმბოლოს უკვე 98 წელია ატარებს, ეს განსაკუთრებული პრესტიჟის საკითხია. ბრიტანულმა ბრენდმა გადაწყვიტა, სასამართლოში კიდევ ერთ „ფრთოსან“ კომპანიას დაუპირისპირდეს. ყველაზე პარადოქსული კი ისაა, რომ ეს ჩინური გიგანტი Geely-ია, რომელიც Aston Martin-ის აქციების 17%-ს ფლობს...
დავის საგანი სამი ახალი ლოგო გახდა, რომელთა გამოყენებასაც Geely გეგმავს. კერძოდ, საუბარია ემბლემაზე, რომელიც ჩინურმა ჯგუფმა თავისი შვილობილი კომპანიისთვის, London EV Company-სთვის დაამტკიცა — ახალი ბრენდი გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ტაქსების ოპერირებით იქნება დაკავებული. ლოგოზე ფრთებს შორის ცხენის თავია გამოსახული, რაც Aston Martin-ის მტკიცებით, იმდენად ჰგავს მათ საფირმო ნიშანს, რომ შესაძლოა, მომხმარებელი დააბნიოს.
აღნიშნული დაპირისპირება ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო, როდესაც Geely-მ ლოგოების დიდ ბრიტანეთში რეგისტრაცია სცადა. 2023 წელს ინტელექტუალური საკუთრების ოფისმა Aston Martin-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მოსამართლის გადაწყვეტილება საკმაოდ ლოგიკური იყო: ნაკლებად სავარაუდოა, რომ მყიდველს ელექტრონული „ბლექ ქები“ Aston Martin-ის სპორტულ ავტომობილში აერიოს. ტრიბუნალმა ასევე მიუთითა Bentley-სა და Mini-ზე, რომლებიც ასევე წლებია ფრთიან ლოგოებს იყენებენ. შედეგად, Aston Martin-ს Geely-ს სასარგებლოდ 2 200 ფუნტის გადახდაც კი დაეკისრა.
საინტერესოა, რომ ამ დავის პარალელურად, Geely-მ Aston Martin-ის აქციებში 234 მილიონი გირვანქა სტერლინგი ($310 მლნ) დააბანდა და კომპანიის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი გახდა. შეგახსენებთ, რომ Geely ასევე ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიც Volvo და Lotus-ი არიან. 
მიუხედავად ასეთი მჭიდრო ბიზნეს-კავშირისა, Aston Martin-მა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ბრიტანული ბრენდი აცხადებს, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მათი პრიორიტეტია. თავის მხრივ, Geely ამ პროცესს „რუტინულ სავაჭრო დავას“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ ეს ხელს არ შეუშლის მათ პროფესიულ ურთიერთობას Aston Martin-თან.
როგორ ფიქრობთ, მართლაც ჰგავს Geely-ს ახალი ლოგო Aston Martin-ის ფრთებს, თუ ბრიტანელები უბრალოდ ზედმეტად ფრთხილობენ?