ვინისიუს ჟუნიორის უიშვიათესი Maybach-ის უცნაური ისტორია
რამდენიმე კვირის წინ, Real Madrid-ის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს საკუთარი უიშვიათესი ავტომობილი გაუზიარა. ეს მოდელი Maybach S-Class-ი გახლავთ და ის Off-White-ის დამფუძნებლისა და Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის დიზაინერის, ვირჯილ აბლოს მიერაა შექმნილი.

ვირჯილ აბლო 2021 წელს, 41 წლის ასაკში, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. აბლო გარდაცვალებამდე Mercedes-Benz-თან ორ ავტომობილზე მუშაობდა: სპორტქარად გადაკეთებულ G-Class-სა და ექსკლუზიურ Maybach S-Class-ზე. სწორედ ამ უკანასკნელის ერთ-ერთი უიშვიათესი ეგზემპლარი, რომელიც ძალიან მცირე რაოდენობითაა გამოშვებული, ახლა ვინისიუს ჟუნიორის ავტოფარეხში ინახება.

გერმანულ ავტომწარმოებელსა და აბლოს შორის თანამშრომლობისას, დიზაინერის სურვილით, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ჩაიწერა: აბლოს სურდა, რომ შეზღუდული გამოშვების Maybach-ი გაყიდვაში მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსულიყო. ასეც მოხდა: აბლო 2021 წლის 28 ნოემბერს, ანგიოსარკომასთან ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა, სულ რაღაც რამდენიმე დღეში კი, 2021 წლის დეკემბერში, Miami Design Week-ზე ავტომობილი მსოფლიოს ოფიციალურად წარუდგინეს.
Mercedes-Maybach Virgil Abloh შეზღუდული გამოშვების S680 სედანია, რომელიც სულ რაღაც 150 ერთეულად გამოვიდა. მოდელი 6-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი და 680 ცხენის ძალას გამომუშავებს.

ავტომობილის 5.5-მეტრიანი ძარა ორ ტონალობაშია (ობსიდიანის შავი/ქვიშისფერი): ზედა ნაწილი პრიალა შავ ფერშია, ხოლო ქვედა ნაწილი (დისკების ჩათვლით) — უნიკალურ ქვიშისფერში. დიზაინი ვრცელდება ინტერიერშიც, რომელშიც აბლოს სტილის ტყავია გამოყენებული. უნიკალურ დეტალებს შორის კი Maybach-ისა და აბლოს ერთობლივი ლოგოა, რომელიც ცენტრალური კონსოლის გარდა უკანა სავარძლებს შორისაცაა დატანილი.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ დგას საოცნებო მანქანების მიღმა? - 10 საუკეთესო ავტოდიზაინერი
მომხმარებლებმა, რომელთაც უიშვიათესი Maybach-ი შეიძინეს, მათი „საგანძურის“ დასაცავად სპეციალური საფარიც მიიღეს. ასევე, კომპლექტაციაშია ინდივიდუალური შესანახი ყუთი გასაღებისთვის და Maybach-ის 1:18 მასშტაბის რეპლიკა. ფასი იმ დროისთვის არ გამჟღავნებულა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საბაზისო მოდელი თითქმის 275 ათასი ევრო ღირდა, საუბარი საკმაოდ მაღალ თანხებზეა. არსებული დაშვებებით, მისი ფასი ნახევარ მილიონ აშშ დოლარსაც აღწევს.