აუქციონი, ბუგატი, კრიშტიანუ რონალდუ, უნიკალური ავტომობილი
Aa
Aa

რონალდუს ახალი სამიზნე: Bugatti-ს ყველაზე იდუმალი და უნიკალური მოდელი აუქციონზეა

Bugatti La Voiture Noire, რომელიც ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილის ტიტულით სარგებლობდა, აუქციონზეა გამოტანილი. ეს კი, როგორც გამოცემები წერენ, შესანიშნავი შესაძლებლობაა პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის, კრიშტიანუ რონალდუსთვის, თავისი ექსკლუზიური სუპერქარების კოლექციას კიდევ ერთი გამორჩეული მოდელი შემატოს.

La Voiture Noire ის მოდელია, რომლითაც 2019 წელს Bugatti-მ მთელი მსოფლიო გააოცა. ექსკლუზიური ვერსია Chiron-ის W16 ძრავითაა აღჭურვილი და 1 500 ცხენის ძალას გამომუშავებს. ავტომობილი ლეგენდარული Bugatti Type 57 SC Atlantic-ითაა შთაგონებული და ლოგიკურია, რომ მისი მფლობელი VAG-ის (Volkswagen Aktiengesellschaft) ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, ფერდინანდ პიეხი გახლდათ.

ასევე დაგაინტერესებთ: 8 ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილი ისტორიაში

გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის ცნობით, ეს გარკვეულწილად ნიშნავს, რომ La Voiture Noire ახლა მისი მემკვიდრის, ანტონ პიეხის ხელშია. თუმცა, ამ უკანასკნელს ჰიპერქართან დაკავშირებით განსხვავებული გეგმები აქვს და მის გაყიდვას გეგმავს. ჰიპერქარის საწყისი ფასი, დამატებითი გადასახადების გარეშე, 11 მილიონ ევროს აღწევდა, თუმცა პიეხს ეს ავტომობილი საბოლოო ჯამში 16.5 მილიონი ევრო დაუჯდა.

გამოცემის მტკიცებით, ახალგაზრდა პიეხი, რომელიც მამამისივით დიდი ავტომოყვარულია, ახლა რთულ ფინანსურ მდგომარეობაშია. მისი სტარტაპი Piëch Automotive კარგ შედეგებს არ აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ მან თითქმის ათი წელი ელექტრო სპორტქარზე მუშაობას მიუძღვნა. ამ მოდელის გაყიდვით კი პიეხი, სავარაუდოდ, სოლიდურ თანხას მიიღებს, რომელიც, შესაძლოა, პროექტის გადარჩენაში დაეხმაროს.

ასევე იხილეთ: კრიშტიანუ რონალდუს ეგზოტიკური ავტოფარეხი

ეს კი კარგი შესაძლებლობაა რონალდუსთვის, თავისი ძვირად ღირებული Bugatti-ის მოდელების კოლექცია კიდევ უფრო გააფართოოს. პორტუგალიელი ვარსკვლავი უკვე ფლობს ფრანგული ბრენდის რამდენიმე ულტრაექსკლუზიურ მოდელს... თუმცა, ალბათ, გადაჭარბებაში არ ჩაგვეთვლება, თუ ვიტყვით, რომ La Voiture Noire არცერთ მათგანს ჰგავს.

ცნობისთვის, პორტუგალიელი ფეხბურთელის ავტოფარეხშია Centodieci — სუპერლიმიტირებული სერია. ეს უკანასკნელი 1 600 ცხენის ძალას გამომუშავებს, მისი ფასი კი 8 მილიონი ევროა. ამ ავტომობილმა კრიშტიანუ Bugatti-სთვის ერთ-ერთ მთავარ კლიენტად აქცია, რადგან მსოფლიოში მხოლოდ 10 ადამიანს აქვს ამ მოდელის ფლობის შესაძლებლობა. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ საუდის არაბეთში რონალდუ წელიწადში დაახლოებით 200 მილიონ ევროს იღებს, პორტუგალიელს, წესით, ამ მოდელის შეძენა არ გაუჭირდება.

მსგავსი სიახლეები