უნივერსალი, მერსედესი, მერსედეს სიელეი შუთინგ ბრეიქი, მერსედესი ე კლასი, მერსედესი ცე კლასი, მერსედეს ცეელა შუთინგ ბრეიქი
Aa
Aa

Mercedes-ის დიზაინერი უნივერსალების მომავალზე: „მათ აღარავინ ყიდულობს“

რამდენიმე წლის წინ აქტიურად იწერებოდა, რომ Mercedes-ი ათწლეულის ბოლომდე ყველა არსებული უნივერსალისგან საწარმოო ხაზის გათავისუფლებას და უფრო დიდი მასშტაბის პროდუქტებზე გადასვლას გეგმავდა. გავრცელებული ინფორმაციით, CLA Shooting Brake, C-Class Estate და E-Class Estate გერმანული ავტომწარმოებლისთვის მოგრძო სახურავის მქონე ტიპის უკანასკნელი მოდელებიც კი შეიძლება იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ თავად Mercedes-ს ჯერ არაფერი დაუდასტურებია, კომპანიის ექსტრიერის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი ცოტა არ იყოს „სავალალო“ სურათს გვისახავს. გამოცემა Autocar-თან საუბრისას რობერტ ლეშნიკმა ღიად თქვა, რომ უნივერსალებს უკვე უბრალოდ აღარავინ ყიდულობს. შესაბამისად, გერმანული ბრენდიც დარწმუნებული არაა, სურს თუ არა მისი ახლად წარდგენილი ელექტრო C-Class-ის უფრო პრაქტიკული ვერსია წარმოებისთვის დაამტკიცოს.

„ჩვენ სამი რეგიონი გვაქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში მათ [უნივერსალებს] არავინ ყიდულობს. ვცადეთ CLS-ის Shooting Brake ვერსია, თუმცა ისიც არავინ იყიდა. ჩინეთში მსგავსი ტიპის ავტომობილები არ მოსწონთ და არ ყიდულობენ. დარჩა ევროპა და თუ აქ Mercedes E-Class-ს დავაკვირდებით, ის საკმაოდ ძვირია. მაშინ, ვის შეუძლია ევროპაში ასეთი მანქანის ყიდვა?“, — ამბობს ლეშნიკი გამოცემასთან.

ცნობისთვის, Mercedes-ი შიგაწვის ძრავით აღჭურვილ C-Class-ის უნივერსალს კვლავ ყიდის და, უფრო მეტიც, მის გეგმიურ განახლებასაც აპირებს. გარდა ამისა, ახალი CLA Shooting Brake ხელმისაწვდომია როგორც ICE (შიგაწვის ძრავა), ასევე EV (ელექტრო) ვერსიებში. შედარებით დიდი ზომის E-Class-ი კი, ჯერჯერობით კვლავ გაყიდვაში დარჩება.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ BMW-მ ცოტა ხნის წინ i3 Touring-ი წარადგინა, რომელიც პირდაპირი კონკურენტი იქნება C-Class-ის უნივერსალისთვის — რა თქმა უნდა, თუ Mercedes-ი ამ ვერსიის გამოშვებას ოდესმე გადაწყვეტს. თუმცა მიუნხენში CLA Shooting Brake-ისთვის პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავთ, ამიტომ მათ შედარებით პატარა და ხელმისაწვდომი მოდელი სჭირდებათ, ვიდრე 5 Series/i5 Touring-ია.

ასევე დაგაინტერესებთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები 

როგორც თავად Mercedes-ის დიზაინერიც ამბობს, მას უნივერსალები ძალიან უყვარს და, შესაბამისად, წარმოებაში მათი დატოვების სურვილიც აქვს. თუმცა არსებული დაბალი მოთხოვნა ამ ტიპის ძარის შენარჩუნების შანსებს სულ უფრო და უფრო ამცირებს.

და თქვენ რას ფიქრობთ? უნდა დარჩნენ უნივერსალები წარმოებაში თუ მათი ეპოქა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა?

მსგავსი სიახლეები