აუქციონი, იშვიათი ავტომობილები, როდსტერი, ასტონ მარტინი, შეზღუდული გამოშვების მოდელი, ასტონ მარტინ ვირაჟი
Aa
Aa

უიშვიათესი Aston Martin-ი აუქციონზე უჩვეულოდ იაფად იყიდება

იშვიათი Aston Martin-ის აუქციონზე გამოჩენა დიდი სიახლე ნამდვილად არ არის, რადგან ბრიტანულ ბრენდს ათწლეულების განმავლობაში არაერთი შეზღუდული გამოშვების სერია შემოუთავაზებია, თუმცა 1997 წლის Aston Martin Virage Volante Widebody, რომელიც მალე Bonhams-ის აუქციონზე გამოვა, მაინც განსაკუთრებულ კატეგორიას განეკუთვნება.

საუბარია მოდელზე, რომლის სულ 24 ეგზემპლარიც აიწყო, თუმცა ეს კონკრეტული ვერსია კიდევ უფრო იშვიათია — ის ერთადერთია, რომელიც ქარხნულად მარცხენა საჭითა და მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.

მიუხედავად იმისა, რომ აუქციონის აღწერაში მას „ყველაზე არისტოკრატულ კაბრიოლეტს“ უწოდებენ, Virage-ის ისტორია ნაკლებად მიმზიდველია. ეს ავტომობილი იმ პერიოდში შეიქმნა, როცა Aston Martin-ი Ford-ის მფლობელობაში იყო, რამაც სხვადასხვა ბრენდის დეტალების მოულოდნელი კომბინაცია გამოიწვია. მაგალითად, მდიდრულ კაბრიოლეტზე Audi-ს უკანა ფარებსა და Volkswagen Scirocco-ს წინა ოპტიკას შეხვდებით, რაც მას იმდროინდელი Ford Mustang-ის უფრო ძვირადღირებულ ვერსიას ამსგავსებს.

ამ ვიზუალური ეკლექტიკის მიუხედავად, საინჟინრო თვალსაზრისით ეს ჭეშმარიტი Aston Martin-ია. Widebody ვერსიის მოდიფიკაცია უშუალოდ Aston Martin Works-ის მიერ განხორციელდა და გაუმჯობესებულ საკიდარს, OZ-ის დისკებსა და მექანიკურ გადაცემათა კოლოფს მოიცავდა.

ავტომობილის მთავარი ღირსება მისი 6.3-ლიტრიანი V8 ძრავია, რომელიც 456 ცხენის ძალასა და 620 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. გასული საუკუნის მიწურულს ეს დიდებული სიმძლავრე იყო, რაც მძიმე როდსტერს 100 კმ/სთ-მდე 5.5 წამში აჩქარებდა. ეს ნამდვილი ბრიტანული მასლ-ქარია, რომლის ძრავიც AMR1 სარბოლო ავტომობილის აგრეგატის შთამომავალია.

საინტერესოა, რომ ამ უიშვიათესი ეგზემპლარისთვის, რომლის გარბენიც მხოლოდ 11 000 მილს შეადგენს, Bonhams-ი საკმაოდ ადეკვატურ ფასს — 120 000-დან 180 000 დოლარამდე პროგნოზირებს. იმის გათვალისწინებით, რომ მისი თანამედროვე ანალოგი, Aston Martin DB12 Volante, 265 000 დოლარზე მეტი ღირს, ეს Virage Volante Widebody ყურადღებას იმსახურებს. აუქციონი 24 აპრილს, მონაკოში გაიმართება... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები