ტესლა, ჯენერალ მოტორსი, მერი ბარა, ხელმძღვანელები, სტერლინგ ანდერსონი
Aa
Aa

Tesla-ს ყოფილი მენეჯერი GM-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი CEO-ს ნაცვლად? | $40-მილიონიანი ფსონის დეტალები

მერი ბარა, რომელიც 2014 წლიდან ამერიკულ General Motors-ს უდგას სათავეში, ავტომწარმოებლების ხელმძღვანელებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებად აღმასრულებელ დირექტორად რჩება. ბარა ასევე პირველი CEO გახლავთ, რომელიც ამერიკული ავტოგიგანტების Big Three-დან (უმსხვილესი სამი ავტომწარმოებელი — GM, Ford Motor Company, Stellantis North America) ამ პოზიციაზე დაინიშნა.

თუმცა მაშინ, როდესაც საქმე კომპანიისთვის საჭირო ტალანტებს ეხება, GM თანხების დაზოგვას არც სხვა მიმართულებებით აპირებს. General Motors-მა $40-მილიონიანი ფსონი დადო კომპანიის ახალ კადრზე, რომელიც, ბევრის აზრით, ბარას პოტენციურ მემკვიდრედაც მოიაზრება. სტერლინგ ანდერსონი ავტომწარმოებლის ახალი პროდუქტების ხელმძღვანელია, რომლის რეკრუტირების დეტალებიც GM-მა ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა.

ორშაბათს გასაჯაროებული მარეგულირებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ავტოგიგანტმა ანდერსონს გადმოსაბირებლად $40 მილიონამდე ღირებულების ანაზღაურების პაკეტი შესთავაზა. GM-ის ინვესტიცია გარკვეულწილად გამართლებულია, რადგან ანდერსონი ინდუსტრიაში „მძიმეწონოსან“ ფიგურად ითვლება. ეს უკანასკნელი Tesla-ში წამყვან პოზიციას იკავებდა, მოგვიანებით კი, რამდენიმე სხვა პირთან ერთად, ავტონომიური მართვის სატვირთოების მწარმოებელი Aurora დააფუძნა.

General Motors-ში ანდერსონი როგორც ელექტრომობილების, ასევე შიგა წვის ძრავის მქონე ავტომობილების განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებაზე იქნება პასუხისმგებელი. GM-ის განმარტებით, მსგავსი მაღალი შეთავაზება აუცილებელი იყო, რათა ანდერსონი მათი გუნდის წევრი გამხდარიყო.

გასულ წელს ანდერსონმა უკვე მიიღო $16 მილიონი, დარჩენილ $24 მილიონს კი, სავარაუდოდ, 2027 წლამდე, გარკვეული შედეგების მიღწევასთან ერთად მიიღებს. რაც შეეხება ბარას, მისი 2025 წლის ანაზღაურება $29.9 მილიონით განისაზღვრა. ინდუსტრიის ინსაიდერები მიიჩნევენ, რომ კომპანია ანდერსონს ბარას შემცვლელად ამზადებს. მიუხედავად იმისა, რომ GM-ის ოფიციალურ განცხადებაში აქცენტი მხოლოდ ბიზნესსაჭიროებებზე კეთდება, ანდერსონისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და რეკორდული ჰონორარი სხვა რამეზე მიანიშნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები