ფოლცვაგენი, ავტოწარმოება, საავტომობილო გაყიდვები, სკაუტი, ოლვერ ბლუმი
Aa
Aa

კრიზისი VW-ში: 1 მილიონით შემცირებული წარმოება და ქარხნების შესაძლო გასხვისება ჩინურ კომპანიებზე

გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen-ი გაყიდვების პანდემიამდელ დონეზე დაბრუნებას კვლავ ვერ ახერხებს. არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად კი კომპანიას მკვეთრი ცვლილებების განხორციელება უწევს. ამჟამად VW-მა გლობალური წარმოების დამატებით 1 მილიონი ერთეულით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ძირითადად ევროპულ ქარხნებსა და VW-სა და Audi-ს ბრენდებზე აისახება.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ბლუმის განმარტებით, წარსულის გეგმები დღევანდელი სიტუაციისთვის არარეალურია. შესაბამისად, წარსულის სტრატეგიები, რომლებიც კომპანიას გაყიდვების ბევრად მაღალ მაჩვენებლებს უსახავდნენ, უნდა გადაიხედოს. მაგალითად, გასული წლის მონაცემებმა აჩვენა, რომ 12 მილიონიდან Volkswagen-მა მხოლოდ 8.68 მილიონი ავტომობილი გაყიდა. ბლუმის თქმით, ჭარბი წარმოება (რაც მაღალ ხარჯსაც გულისხმობს) გრძელვადიან პერსპექტივაში არამომგებიანია და კომპანიის მომავალს საფრთხეს უქმნის.

„ევროპაში წარმოების მოცულობას 2028 წლისთვის კიდევ დამატებით 1 მილიონით შევამცირებთ. კომპანია ათობით მილიონი ევროს უარყოფითი გავლენის წინაშეა, რის გამოც საპასუხო ზომებზე უკვე გადავედით. ამჟამად ფოკუსი წაგება-მოგების ზღვრის დაწევაზე გვაქვს, რათა უფრო რისკიან გარემოშიც მეტი მდგრადობა გამოვავლინოთ“, — განაცხადა ბლუმმა Manager Magazin-თან.

ცნობისთვის, პანდემიამდელ პერიოდში, განსაკუთრებით 2017-2019 წლებში, Volkswagen Group-ის გაყიდვები სტაბილურად, წლიურად 10-დან 11 მილიონამდე იყო. თუმცა დღევანდელი ვითარებით, ავტომწარმოებელი 9 მილიონამდე ავტომობილის გაყიდვასაც ვერ ახერხებს. ეს კი წარუმატებელ შედეგადაც ითვლება, რაც გარკვეულწილად გვაჩვენებს, რომ კომპანია ახალ რეალობასთან მორგებას ცდილობს.

ოლივერ ბლუმი განმარტავს, რომ აშშ-ის ტარიფები, ახალი კონკურენტები და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია კომპანიას მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს. ევროპაში VW-ის ზოგიერთი ქარხანა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ელექტრომობილებს აწარმოებენ, ძალიან დაბალი დატვირთვით მუშაობს. გამომდინარე აქედან, არაა გამორიცხული, კომპანიამ მათი ნაწილი ჩინურ ფირმებს მიჰყიდოს.

მიუხედავად ამისა, ბლუმი იმედოვნებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე ახალი ბრენდი, Scout-ი, წარმატებული იქნება, რისთვისაც, რისკების შესამცირებლად, პარტნიორების მოძიებასა და ინვესტიციების გაზიარებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები