იშვიათი ავტომობილები, ბიემვი, ბეემვე, ბიემვი ემ4, ტუნინგი, ბოვენზიპენი, ბეემვე ემ4
Aa
Aa

Bovensiepen Zagato — BMW M4, რომლის ფასადაც 4 ცალ M4-ს იყიდით...

ბავარიული ავტოინდუსტრიის ლეგენდარული გვარი, ბოვენზიპენი, ახალ ეპოქას იწყებს. მას შემდეგ, რაც BMW-მ Alpina სრულად ჩაიგდო ხელში, ბრენდის ყოფილმა მფლობელებმა ფესვებს არ უღალატეს და ახალი პროექტი წარადგინეს. მიმდინარე თვეში კომპანიამ Bovensiepen Zagato-ზე შეკვეთების მიღება დაიწყო, თუმცა ამ ავტომობილის შეძენა მარტივი ნამდვილად არ იქნება... 

ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები

ავტომობილს სახელი Alpina-ს ყოფილი ხელმძღვანელის, ანდრეას ბოვენზიპენის პატივსაცემად დაერქვა. პროექტის პირველი ჩვენება შარშან Villa d’Este-ს ელეგანტურობის კონკურსზე შედგა, მოგვიანებით კი მან გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე დაამტკიცა, რომ მხოლოდ ვიზუალური ეფექტისთვის არ შეუქმნიათ. მიუხედავად ამისა, სავარაუდოდ, მოდელის გაყიდვების მთავარი მამოძრავებელი ძალა მაინც სწორედ დიზაინი იქნება, თუკი პოტენციური მფლობელები მის ასტრონომიულ ფასზე თვალს დახუჭავენ...

369 395 ევრო — ეს ის თანხაა, რომლის გადახდაც Zagato-ს შესაძენად მოგიწევთ. შედარებისთვის, გერმანიაში სტანდარტული M4-ის ფასი 98,500 ევროდან იწყება. ლეგენდარულ იტალიურ ატელიე Zagato-სთან ერთად შექმნილი ავტომობილი სწორედ რადიკალურად შეცვლილი BMW M4-ია. მისი წინა მხარე საკმაოდ თამამია და ზოგისთვის 2019 წლის Chevy Camaro-საც კი მოგაგონებთ, თუმცა BMW-ს ფანები აქ უფრო მეტ პარალელს i8-სთან დაინახავენ.

საერთო ჯამში, ავტომობილი 400-ზე მეტ ახალ დეტალს მოიცავს — მათ შორის ნახშირბადის პანელებს. Zagato-ს ხელწერა ყველაზე მეტად კი სახურავის საფირმო double-bubble ფორმაში იკითხება.

ინტერიერში გადმოსვლისას შეიძლება მცირე იმედგაცრუება დაგეუფლოთ, რადგან Lavalina-ს უმაღლესი ხარისხის ტყავის მიუხედავად, ეს მაინც აშკარად სტანდარტული მე-4 სერიის სალონია, თუმცა გაცილებით ძვირფასი მასალებით გაფორმებული. რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, დონორად M4 Competition-ია გამოყენებული. თუ ორიგინალი მოდელი 523 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბოვენზიპენის ვერსიაში სიმძლავრე 602 ცხ.ძ-მდეა გაზრდილი, რაშიც თავისი წვლილი Akrapovic-ის ტიტანის გამოსაბოლქვ სისტემასაც მიუძღვის. 100 კმ/სთ სიჩქარეს ავტომობილი 3.3 წამში ავითარებს.

მთავარი მიზეზი, რის გამოც ვინმემ შესაძლოა ამხელა თანხა გადაიხადოს, მოდელის ექსკლუზიურობაა. მაშინ, როცა M4-ის ნახვა დიდ ქალაქებში ჩვეულებრივი მოვლენაა, ბოვენზიპენი მხოლოდ 99 ერთეულად გამოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები