პორშე, ტუნინგი, ტარგა, პორშე სპიდსტერი
Aa
Aa

რკინის კაცი ბორბლებით — იხილეთ Gunther Werks-ის ბოლო Speedster-ი 24 კარატიანი ოქროთი

გამოცდილმა ავტომოყვარულებმა იციან, რომ როდესაც საქმე Gunther Werks-ს ეხება, ზღვარი საინჟინრო გენიასა და ხელოვნებას შორის, ფაქტობრივად, ქრება. კომპანიამ თავისი ულტრა-ექსკლუზიური Speedster-ის სერიის წარმოება დაასრულა და წერტილი დასვა პროექტ Endgame-ით დასვა. როგორც სახელიდან მიხვდებოდით, ავტომობილის შთაგონების წყარო Marvel-ის „შურისმაძიებლებია“ — ვიზუალი კი პირდაპირ რკინის კაცის კოსტიუმს მოგვაგონებს.

ტექნიკური თვალსაზრისით, ეს Speedster-ი ნამდვილი მონსტრია — Rothsport Racing-ის 4-ლიტრიანი Twin-Turbo ძრავა 840 ცხენის ძალასა და 895 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. თუმცა, უნიკალურობას უფრო მეტად სხვა ფაქტი განაპირობებს — ეს კომპანიის მიერ აწყობილი ერთადერთი Speedster-ია, რომელსაც ჰაერით გაგრილებადი ძრავა აქვს. ძრავის განყოფილება საიუველირო ნაკეთობას ჰგავს — ტურბოების შუალედური გამაგრილებლები (ინტერკულერები) 24-კარატიანი ოქროთია დაფარული, რაც არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ თერმულ ეფექტურობასაც უკავშირდება.

სრულად ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული ძარა სულ რაღაც 1 179 კილოგრამს იწონის, რაც ასეთი სიმძლავრის პირობებში წარმოუდგენელ დინამიკას იძლევა. ვიზუალურად Project Endgame-ი უფრო აგრესიულია, ვიდრე მისი წინამორბედები.

სტანდარტული Ducktail სპოილერი აქ ნახშირბადის ბოჭკოს მასიური ფრთით არის ჩანაცვლებული, რაც Gunther Werks Turbo-ს სტილს იმეორებს. ფერი True Candy Red მზის შუქზე უბრალოდ ბრწყინავს, რასაც 24-კარატიანი ოქროს დეტალები — სარკეები, ფარების ჩარჩოები და ლოგოები — იდეალურად ავსებს.

Marvel-ის თემატიკა პიკს აღწევს ინტერიერში. ავტომობილის გადაცემათა გადასართავი ბერკეტი 24-კარატიანი ოქროთია მოპირკეთებული და მასზე ექვსი სხვადასხვა ფერის ძვირფასი ქვაა დატანილი, რომლებიც თანოსის ხელთათმანზე განლაგებული უსასრულობის ქვების ალუზიაა. სალონი წითელი, შავი და ოქროსფერი ტყავის კომბინაციაა, ნახშირბადის ბოჭკო კი აქაც არ გვტოვებს — სავარძლები და პანელები სწორედ ამ ზემსუბუქი და ზეგამძლე მასალითაა დამზადებული.

ერთი სიტყვით, ეს მანქანაა, რომლითაც ტონი სტარკი დიდი სიამოვნებით იმგზავრებდა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები