კლასიკური ავტომობილები, ლამბორგინი, ლამბორგინი მიურა, მაზერატი, მაზერატი ვი4 სპორტ ცაგატო, ვი 16
Aa
Aa

Lamborghini-მ კლასიკური ავტომობილების შოუსთვის უმშვენიერესი ყავისფერი მიურა აღადგინა

რომის ისტორიულ ცენტრში კლასიკური ავტომობილების პირველი შოუ, Anantara Concorso Roma გაიმართა, სადაც არაერთი ულამაზესი და დიდი ხნის მონატრებული მოდელი ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე უამრავი ძვირადღირებული და ისტორიული მანქანა იყო წარმოდგენილი, Lamborghini-ს 1972 წლის Miura SV-მ მაინც აუდიტორიის უდიდესი ნაწილის ყურადღება მიიპყრო. და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ის ყავისფერია.

დიახ, ყავისფერი — ფერი, რომელსაც Lamborghini ოფიციალურად Luci del Bosco-ს უწოდებს. სამწლიანი რესტავრაციის პროცესში, რომელიც ბრენდის Polo Storico-ს განყოფილებამ განახორციელა, ყველაზე დიდი დრო სწორედ საღებავის სწორი სპეციფიკაციისა და ტონების შერჩევას დაეთმო. ვინაიდან ეს ტონალობა წლების განმავლობაში იცვლებოდა, ინჟინრებს დიდძალი შრომა მოუწიათ ზუსტად იმ ფორმულის საპოვნელად, რომელიც 1972 წლის მოდელის ამშვენებდა. 


ექსტერიერის ამ ბრწყინვალებას იდეალურად ავსებს მდოგვისფერი (იტალიურად Senape) ტყავის სალონიც. რესტავრაციისას ავტომობილს თავისი თავდაპირველი, უნიკალური დეტალები დაუბრუნდა: უფრო პატარა საჭე, დაგრძელებული ხელის მუხრუჭი და სპეციფიკური Bob-type გამოსაბოლქვი სისტემა.

მიუხედავად Miura-ს შარმისა და სილამაზისა, რომელსაც თავად ხედავთ, გამოფენის მთავარი პრიზი — Best in Show — 1932 წლის Maserati V4 Sport Zagato-მ მოიპოვა. ეს 16-ცილინდრიანი მონსტრი მეორე მსოფლიო ომს სასწაულებრივად გადაურჩა: ნიდერლანდელმა მფლობელმა ავტომობილი დაშალა, ხოლო მისი უნიკალური V16 ძრავა საკუთარ საძინებელში დამალა, რათა ის ოკუპანტების ხელში არ ჩავარდნილიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები