3-ტონიანი Silverado-ს უყურადღებო მძღოლმა მოძრავ Lambo-ს გადაუარა
ეს ვიდეო იმდენად დაუჯერებელია, რომ შესაძლოა ბევრს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ეგონოს. თუმცა, პირველ რიგში, იმას გეტყვით, რომ ყველაფერი, რასაც ხედავთ, სიმართლეა და იმაზე უცნაურიც კია, ვიდრე წარმოიდგენთ. ფაქტი ერთია: ამერიკული Chevrolet Silverado-ს მძღოლი თავის 3-ტონიან მონსტრს იმდენად უყურადღებოდ მართავდა, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ Lamborghini Huracan-ს გადაუარა.
ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ Lamborghini პარკინგზე აუჩქარებლად გადაადგილდებოდა და, სავარაუდოდ, გასაჩერებლად თავისუფალ ადგილს ეძებდა. ამ დროს გამოჩნდა Silverado, რომელიც ამ ადგილისთვის შეუსაბამო სიჩქარით Lambo-სკენ გაემართა და, პირდაპირი მნიშვნელობით, მასზე „ავიდა“. არანაირი დამუხრუჭების ან შეჯახების თავიდან აცილების მცდელობა — მხოლოდ მსხვრევის ხმა. ისე, თითქოს ყველაფერი Monster Truck-ების შოუში ხდებოდა, ოღონდ ამჯერად — სტანდარტულ ავტოსადგომზე.
A woman driving a heavily lifted Chevrolet Silverado accidentally drove over a Lamborghini Huracán in a parking lot in Lake Nona, Florida. ????????️ pic.twitter.com/NREdWr31Bd
— Rain Drops Media (@Raindropsmedia1) April 23, 2026
საინტერესოა, რომ ამ ძვირადღირებულ ავარიას სპეციალისტები „საგზაო თავსებადობის“ დისბალანსით ხსნიან: Lamborghini ძალიან დაბალია, მაშინ როდესაც Silverado-ს გიგანტური გაბარიტები აქვს. მსგავსი ზომის ავტომობილებში წინ ხილვადობა მნიშვნელოვნად მცირდება და „ბრმა ზონები“ იქმნება, რის გამოც მცირე უყურადღებობაც კი მსგავსი მასშტაბის შედეგებში აისახება. თუმცა ეს Silverado-ს მძღოლს არანაირად არ ამართლებს, რადგან ავტომობილის მართვა ყველას უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს.
საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. Lambo-ს მძღოლმა კი, რომლის ავტომობილიც, პირდაპირი მნიშვნელობით, სიჩქარის შემანელებელ ბარიერად გამოიყენეს, ინციდენტის ვიდეო სოციალურ ქსელში თავად გააზიარა.
View this post on Instagram
ისიც უნდა ითქვას, რომ ეს უბრალო შეცდომა არ ყოფილა. Chevy-ის მძღოლი პარკინგისთვის შეუსაბამო სიჩქარით გადაადგილდებოდა, ინერციით სვლა კი შეჯახების შემდეგაც განაგრძო. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვები: საჭიროა თუ არა მსგავსი გაბარიტების მქონე ავტომობილების მართვისთვის სპეციალური ლიცენზიის შემოღება, ისეთის, როგორიც სატვირთოების კატეგორიისთვისაა? ამ იდეას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, რომლებიც სპეციალური რეგულაციების აუცილებლობას ხედავენ.
თქვენ რას ფიქრობთ? სჭირდებათ ამ ტიპის ავტომობილების მძღოლებს მართვის მოწმობის სპეციალური კატეგორია?