„საუკეთესო ჟღერადობის BMW“ | F10-ის შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია
იყო დრო, როდესაც ყველა ფიქრობდა, რომ გერმანულ საშუალო ზომის სედანს, გათბობადი სავარძლებითა და ტევადი სალონით, ნამდვილი სუპერქარებისთვის კონკურენციის გაწევაც კი არ შეეძლო. თუმცა, მოგვიანებით, BMW-მ თავისი ქმნილებით ეს მოსაზრება სამუდამოდ შეცვალა. საუბარი გვაქვს BMW M5 (F10)-ზე, რომლის ერთ-ერთ ეგზემპლარსაც ცოტა ხნის წინ ძველი დიდება დაუბრუნეს. ახლა კი თქვენ წინაშე ტვინტურბო V8 ძრავით აღჭურვილი ოთხკარიანი მონსტრია — მდიდრული სედანი, რომლის სიმძლავრეც სუპერქარებს არაფრით ჩამოუვარდება.

დღევანდელი ამბის მთავარი გმირი შესაძლოა ის ავტომობილი სულაც არ იყოს, რომლის ხელში ჩასაგდებადაც კოლექციონერები ფსონებს ასტრონომიულ თანხებამდე გაზრდიდნენ. ეს 2013 წლის BMW M5-ია (F10), რომელიც ამჟამინდელ მდგომარეობამდე მოსვლამდე ბოლავდა, ზეთს ღვრიდა და შესაშურ ფორმაში ნამდვილად არ ყოფილა. მისი გარბენი 265 000 კილომეტრს აჭარბებდა, რაც, დაგვეთანხმებით, საკმაოდ ბევრია. თუმცა ვიღაცამ ამ გადაღლილ სედანშიც დაინახა პოტენციალი და მისგან ნამდვილი მონსტრის შექმნა გადაწყვიტა.

თეორიულად, ამ პროექტს საკმაოდ მყარი საფუძველი აქვს, რადგან F10 თაობა BMW M-ის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოდელია. ამ თაობაში გერმანულმა კომპანიამ ძველი, მაღალბრუნიანი V10 ძრავა 4.4-ლიტრიანი ტვინტურბო V8-ით ჩაანაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ამ ცვლილებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, ამან მოდელს წარმოუდგენელი შესაძლებლობები შესძინა. ქარხნულად ეს მოდელი 560 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, რაც დღევანდელ ავტომობილებთან შედარებითაც კი კონკურენტუნარიანი შედეგია.
ამ კონკრეტული მოდელის ისტორია კი ბევრად უფრო დრამატულია. F10-ს ძრავის გამოცვლაც კი დასჭირდა მას შემდეგ, რაც სადილერო ცენტრში დაშვებული შეცდომის გამო ზეთისგან სრულად დაიცალა. განახლებაზე მუშაობის დროს მთავარი გამოწვევა გაცვეთილი ტურბოების შეცვლა აღმოჩნდა. დაშლის შემდეგ კი თავი არაერთმა პრობლემამ იჩინა: მათ შორის იყო ჩაღვრილი ზეთი და ანტიფრიზის გაჟონვა. მიუხედავად იმისა, რომ BMW-მ ეს ნაწილები ძრავის თავზე, ერთი შეხედვით მოსახერხებელ ადგილას დაამონტაჟა, მათი შეცვლა მაინც ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა. საქმის კომპლექსურობაზე მიუთითებს ისიც, რომ სადილეროში ამ ყველაფრის შეკეთება 4-დან 5 ათას აშშ დოლარამდე ჯდება.

თუმცა ნამდვილი წვალება მაინც ავტომობილის დაშლასთან ერთად დაიწყო. ამ დროს თავი იჩინა ყველაფერმა, რაც ძველ BMW-ს ახასიათებს: დამტვრეული პლასტმასებიდან დაწყებული, მოუხერხებელი სამაგრებით დასრულებული. ნელ-ნელა ძველი ნაწილები ახლით ჩანაცვლდა და ავტომობილმაც სრულიად განსხვავებული იერსახე შეიძინა. რა თქმა უნდა, პროექტს გართულებების გარეშე არ ჩაუვლია — ახალი ტურბინები გზაში დაიკარგა, რის გამოც BMW-ის მფლობელს დროებით მეორადი ნაწილების დაყენება მოუხდა.
ტურბინების თავის ადგილზე დაბრუნებისთანავე პროექტმა ახალი მუხტი მიიღო. ავტომობილს სპეციალური გამონაბოლქვი სისტემაც დაუყენდა, რამაც მისი ჟღერადობა სრულად შეცვალა. როგორც მისი მფლობელი ამბობს, ეს საუკეთესო ჟღერადობის BMW-ია, რომელიც კი ოდესმე ჰყოლია. ახალი ჰაერის ფილტრებითა და აგრესიული გამონაბოლქვი სისტემით, ეს F10 მხოლოდ ძველ მდიდრულ სედანს აღარ ჰგავდა. მოდიფიკაციებით სიმძლავრე 1 000 ცხენის ძალამდე გაიზარდა, რამაც სედანი სუპერქარების ნამდვილ რისხვად აქცია. ტრანსფორმაციის პროცესი კი შეგიძლიათ თავად ნახოთ ამ ვიდეოში.