2026 წლის საუკეთესო დიზაინის მქონე ავტომობილები
მილანში, დიზაინის კვირეულის ფარგლებში, ADI დიზაინის მუზეუმში ტრადიციულად Car Design Award-ის დაჯილდოება გაიმართა. წლევანდელ ღონისძიებაზეც გამარჯვებულები სამ კატეგორიაში საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა. ეს კატეგორიები გახლდათ: კონცეპტუალური ავტომობილები, სერიული წარმოების ავტომობილები და ბრენდის დიზაინის ენა.

კონცეპტუალური ავტომობილების კატეგორიაში პირველი ადგილი Audi Concept C-მა დაიმსახურა. როდსტერი Audi-ის დიზაინის მიმართულების ახალი ხელმძღვანელის, მასიმო ფრასკელას მეთვალყურეობით შეიქმნა. Concept C ავტომწარმოებლისთვის მნიშვნელოვანი მოდელია, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს ბრენდის შემდგომი თაობის ავტომობილების სტილის მიმართულებას. მეორე ადგილზე Genesis Magma GT-ია — მოდელი, რომელმაც მომხმარებელში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მესამე პოზიციას კი Citroën Elo იკავებს.
ყველაზე ლამაზი დიზაინის მქონე კონცეპტუალური ავტომობილები:
- Audi Concept C
- Genesis Magma GT
- Citroën Elo


სერიული ავტომობილების კატეგორიაში გამარჯვებულია ახალი Renault Twingo — პატარა ფრანგული ელექტრომობილი, რომელმაც პირველი თაობის მოდელისთვის დამახასიათებელი მინივენის პროპორციები დაიბრუნა. საპრიზო ადგილები ასევე დაიკავეს BMW iX3-მა და Ferrari 12Cilindri-მ.


ყველაზე ლამაზი დიზაინის მქონე სერიული ავტომობილები:
- Renault Twingo
- BMW iX3
- Ferrari 849 Testarossa
ბრენდის დიზაინის ენის კატეგორიაში კი, ხმათა უმრავლესობით, Jeep-ი გახდა გამარჯვებული. ცნობისთვის, დიზაინის ენა აფასებს როგორც ავტომწარმოებლის საერთო სტილისტურ მიდგომას, ისე მის ფილოსოფიას. მეორე და მესამე ადგილები კი, შესაბამისად, BMW-მ და Dacia-მ დაიკავეს.