BYD-ის ტექნოლოგიური პირველობა მალევე დასრულდა | CATL-ის ბატარეა 6.5 წუთში იმუხტება
თუ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ელექტრომობილების ინდუსტრიას თვალს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ რევოლუციური ცვლილებები ძალიან ახლოსაა — ბატარეების უმსხვილესმა მწარმოებელმა, CATL-მა, წარადგინა ტექნოლოგია, რომელიც ელექტრომობილის დამუხტვის დროს შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილის ავზის გავსების დროსთან ათანაბრებს.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
ახალი Shenxing 3 ბატარეა საშუალებას იძლევა, ენერგიის მარაგი 10-დან 98 პროცენტამდე სულ რაღაც 6.5 წუთში შეივსოს. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აუმჯობესებს BYD-ის მიერ გასულ თვეში დაფიქსირებულ რეკორდს და პრაქტიკულად აქრობს იმ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერს, რომელიც მომხმარებელს ელექტრომობილის ყიდვისგან აკავებდა.
ჩინური კომპანიის მონაცემებით, ბატარეას შეუძლია 10-დან 80 პროცენტამდე მხოლოდ 3 წუთსა და 44 წამში დაიმუხტოს. კიდევ უფრო შთამბეჭდავია მისი მუშაობა ექსტრემალურ პირობებში: -30 გრადუს ცელსიუს ყინვაშიც კი, 20-დან 98 პროცენტამდე დატენვას მხოლოდ ცხრა წუთი სჭირდება. რაც მთავარია, CATL ამტკიცებს, რომ ასეთი სწრაფი დამუხტვა ბატარეის სიცოცხლისუნარიანობას საერთოდ არ აზიანებს — 1 000 სრული ციკლის შემდეგაც კი, ის თავისი თავდაპირველი რესურსის 90 პროცენტზე მეტს ინარჩუნებს.
ამასთანავე, კომპანიამ წარმოადგინა ბატარეა Qilin 3-იც, რომელიც მხოლოდ 625 კილოგრამს იწონის და ავტომობილს 1 000 კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევს. ხოლო კიდევ უფრო ამბიციური, Qilin Condensed ვერსია, სედანებში 1 500-კილომეტრიან გარბენს გვპირდება. CATL-ის განცხადებით, Shenxing 3 და Qilin 3 ბატარეები მომავლის კონცეფციები არ არის და მათ პირველ სერიულ ავტომობილებში უკვე მომავალი წლიდან ვიხილავთ, რაც ელექტრომობილების ბაზარზე ძალთა ბალანსს რადიკალურად შეცვლის.
როგორ ფიქრობთ, რამდენად გაზრდის ელექტრომობილების მიმართ სიმპათიებს დამუხტვის დროის 6 წუთამდე შემცირება?