ბიემვი, ბიემვი ემ2, ბიემვი ემი, ბიემვი ემ2 კუპე, ბიემვი ეს 1000
Aa
Aa

BMW M2 და სუპერმოტოების გაერთიანება | ექსკლუზიური მოდელები მხოლოდ 10 ეგზემპლარად გამოვა

სამხრეთ აფრიკაში BMW M-ის ბრენდს განსაკუთრებული ადგილი უკავია – არა მხოლოდ როგორც სიმძლავრისა და წარმადობის ხატს, არამედ როგორც ბაზრის ლიდერს როგორც ორბორბლიან, ისე ოთხბორბლიან სეგმენტში. ეს კი ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც BMW-სა და BMW Motorrad-ის სამხრეთ აფრიკულმა ქვედანაყოფებმა ძალები გააერთიანეს და ექსკლუზიური პროექტი შემოგვთავაზეს. კოლაბორაციის მიზანი M სერიისთვის დამახასიათებელი სპეციფიკაციებით შექმნილი მაღალი დონის მოდელების წარდგენაა, თუმცა, სამწუხაროდ, ისინი მხოლოდ სამხრეთ აფრიკის ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

კოლაბორაციით შემუშავებული ლიმიტირებული სერია BMW M2 Coupé RR Edition-ს, BMW M 1000 RR M2 Edition-სა და BMW S 1000 RR M2 Edition-ს მოიცავს, რომელთა შეკვეთაც მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებლებს შეეძლებათ. თანამშრომლობის ფარგლებში თითოეული მოდელი სულ 10 ეგზემპლარი გამოვა. კომპანიებმა მოტოებისა და ავტომობილებისთვის შავი ექსტერიერი და მკვეთრი წითელი დეტალები შეარჩიეს, რაც მათ ვიზუალს კიდევ უფრო აგრესიულად წარმოაჩენს.

პროექტისთვის სამხრეთ აფრიკაში ყველაზე გაყიდვადი სპორტული მოტოციკლი, BMW S 1000 RR შეირჩა და მისი M2 Edition-ი შეიქმნა. Black Storm Metallic-ის ფერში შეღებილ მოდელს, მეტი ექსკლუზიურობისთვის, დაბურული საქარე მინა, სავარძელზე დატანილი M ლოგო და სპეციალურად ამ ვერსიისთვის შექმნილი, წითელი დეტალებით გაფორმებული დისკები გამოარჩევს. რაც შეეხება M 1000 RR M2 Edition-ს, მისი დიზაინი ბევრად უფრო აგრესიულია. ამ შემთხვევაში მკვეთრი წითელი ფერის აქცენტები გვხვდება საწვავის ავზზე, წინა პანელებსა და კარბონის დისკებზე. განსაკუთრებულ ყურადღებას კი პატარა ზომის ფრთები იქცევს, რომლებიც ამ მოდელის სარბოლო ხასიათს უსვამს ხაზს.

BMW S 1000 RR M2 Edition-ის შეძენა უკვე შესაძლებელია. აღნიშნული მოდელის ღირებულება 22 000 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო BMW M 1000 RR M2 Edition-ის შემთხვევაში ფასი 47 700 დოლარამდე იზრდება.

სწორედ ამ მაღალტექნოლოგიური სუპერმოტოების ინსპირაციით შეიქმნა BMW M2 Coupé RR Edition-ი – კუპე, რომელიც M2-ის ყველა „სიკეთესთან“ ერთად, BMW-ს მოტოების განახლებებსა და დიზაინსაც გვთავაზობს. ავტომობილის ძარა Black Sapphire-შია შეღებილი და მოტოციკლების მსგავსად წითელი აქცენტები დაჰყვება. მოდელს M Performance-ის სრული პაკეტი მოჰყვება, მათ შორის: დადაბლებული დაკიდების სისტემა, მსუბუქი დისკები და Akrapovič-ის ბევრად ხმამაღალი გამონაბოლქვი სისტემა.

კაპოტის ქვეშ 3-ლიტრიანი ტვინტურბო 6-ცილინდრიანი ძრავაა მოთავსებული, რომელიც დაახლოებით 473 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს ვერსია არა სიმძლავრის მატებაზე, არამედ მოდელის ვიზუალური მხარის დახვეწაზეა ორიენტირებული. ავტომობილიც, მოტოების მსგავსად, 10 ეგზემპლარად გამოვა – თითოეული ექსკლუზიურად მხოლოდ სამხრეთ აფრიკის ბაზრისთვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები