პორშე 911, პორშე, სპორტქარი, შეზღუდული გამოშვების მოდელი, იაპონია, პორშე 911 ჯითი3
Aa
Aa

Porsche-მ სპეციალურად იაპონიისთვის 911-ის მარცხენასაჭიანი ვერსია გამოუშვა

გერმანული ავტომწარმოებლის, Porsche-ს პერსონალიზაციის ქვედანაყოფმა — Exclusive Manufaktur-მა, სპეციალურად იაპონიის ბაზრისთვის 911 GT3 Artisan Edition-ი წარადგინა. შეზღუდული გამოშვების მოდელის წარმოება მხოლოდ 20 ეგზემპლარით შემოიფარგლება და ის საკულტო მოდელ 992.2 GT3-ის პლატფორმაზეა დაფუძნებული.

ექსკლუზიური დიზაინის გარდა, სპეციალურად იაპონური ბაზრისთვის შექმნილ სუპერქარს Manthey-ის ტექნიკური პაკეტიც ემატება. საინტერესოა, რომ იაპონური საგზაო სპეციფიკაციების მიუხედავად, 911 მხოლოდ მარცხენასაჭიანი ვერსიით გამოდის, რაც გერმანული ავტომწარმოებლის მხრიდან საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილებაა.

ასევე დაგაინტერესებთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

ვიზუალურად მოდელი იაპონური ტრადიციული ხელოვნების ერთგვარი გამოხატულებაა — კერძოდ კი, ამ მოდელში იაპონური ტრადიციული ხელსაქმისა და ინდიგოთი ღებვის თემატიკაა გამოყენებული. ექსტერიერში თეთრი და ცისფერი საღებავია გამოყენებული Club Blue-ს გრაფიკასთან ერთად, რაც Porsche-ს თქმით, „ჰაერისა და დროის“ დინების განსახიერებაა. წინა დისკები თეთრია, ხოლო უკანა დისკებზე სპეციალური ორნამენტებით გაფორმებული კარბონის ხუფებია დატანილი.

ექსტერიერის დიზაინი ავტომობილის ინტერიერშიც გრძელდება. სალონი ლურჯ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, სავარძლებზე კი ინდიგოსფერი პრინტია დატანილი და ტყავია გამოყენებული. Artisan Edition-ი Manthey Kit-ის პაკეტითაა შემოთავაზებული, რაც სპორტქარს ბევრად აგრესიულ იერს სძენს. ეს უკანასკნელი ოთხპოზიციურ რეგულირებად დაკიდების სისტემას, გაუმჯობესებულ აეროდინამიკასა და განახლებულ სამუხრუჭე სისტემას მოიცავს. ეს მოდიფიკაციები ტრეკზე მაქსიმალური ეფექტიანობისთვისაა შექმნილი და ამ 911-ს ნამდვილ სარბოლო მოდელად აქცევს.

რაც შეეხება 911-ის სიმძლავრეს: Artisan Edition-ი ავტოენთუზიასტებისთვის კარგად ნაცნობი 4-ლიტრიანი, ატმოსფერული ექვსცილინდრიანი ოპოზიტური ძრავითაა აღჭურვილი. აგრეგატი 507 ცხენის ძალასა და 450 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. ამ ძრავის ერთ-ერთი მთავარი ღირსება კი ისაა, რომ იგი 9 000 ბრუნს აღწევს, რაც სარბოლო მოდელისთვის შესაფერის ჟღერადობასა და დინამიკას გვთავაზობს. ეს სიმძლავრე უკანა ბორბლებს 7-სიჩქარიანი PDK ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფით გადაეცემა.

Artisan Edition-ის ზუსტი ფასი გერმანულ ავტომწარმოებელს ჯერ არ დაუდასტურებია. თუმცა, თუ Manthey-ს პაკეტსა და ამ მოდელის ექსკლუზიურობას გავითვალისწინებთ, ცხადია, რომ მისი ღირებულება სტანდარტულ 911-თან შედარებით ბევრად მაღალი იქნება. სტანდარტული 911 GT3-ის საწყისი ფასი $180 200-ია, ექსპერტები კი არც იმას გამორიცხავენ, რომ ამ მოდელის ღირებულებამ ახალ GT3 S/C-ის ($241 400) ფასსაც გადააჭარბოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები