რალი, ტოიოტა, ტოიოტა ჯიარ იარისი, მინიატიურული მანქანა, 3დ პრინტერი
Aa
Aa

მამაკაცმა 3D პრინტერით მინი GR Yaris-ი შექმნა | Toyota-მ ის მონტე-კარლოში მიიწვია

მაშინ, როცა ადამიანების უმეტესობა საკუთარ ფარეხში დაწყებული პროექტების დასრულებას საუკუნეებს ანდომებს და ბოლომდე ხშირად არც მიჰყავს ხოლმე, ავსტრალიელმა ჯასტინ უაითმა Toyota GR Yaris Rally1-ის მინი მოდელის შექმნას 13 თვე დაუთმო. შედეგად მან სრულად ფუნქციური, ერთადგილიანი ავტომობილი მიიღო, რომელმაც თავად Toyota Gazoo Racing-ის ყურადღებაც კი მიიპყრო.

ავტომობილის ძარა 123 ცალკეული დეტალისგან შედგება, რომლებიც ჯასტინმა 3D პრინტერით დაბეჭდა, შემდეგ კი საკუთარი ხელით გააერთიანა და დაამუშავა. მართალია, მინი-იარისს კარები არ აქვს, თუმცა სალონში მოხვედრა მოსახსნელი სახურავის საშუალებითაც საკმაოდ მარტივია. ავტომობილს აქვს სრულად ფუნქციური მაშუქები, მოძრავი ფანჯრები და პროფესიონალური ვინილის საფარი, რომელიც Toyota-მ სპეციალურად 2026 წლის სეზონისთვის შექმნილი ოფიციალური დიზაინით თავად მიაწოდა.

ამ პატარა „ურჩხულის“ საფუძველი კარტინგის შასია, რომელიც პროპორციების დასაცავად 580 მმ-ით დააგრძელეს. ავტომობილის კაპოტის ქვეშ მოტოციკლის მაღალბრუნიანი ძრავას ვხვდებით, რომელიც 118 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. 

იმის გათვალისწინებით, რომ პლასტმასის კორპუსის წყალობით მანქანა ძალიან მსუბუქუა, მისი სიმძლავრე შთამბეჭდავია. ტესტირებისას მან 94 კმ/სთ განავითარა, თუმცა ჯასტინის თქმით, მინი მოდელს 150 კმ/სთ-მდე აჩქარებაც შეუძლია.

პროექტი იმდენად ხარისხიანი აღმოჩნდა, რომ Toyota-მ ავტორი და მისი ქმნილება 2026 წლის სეზონის გახსნაზე, მონტე-კარლოში მიიწვია. მინი-იარისმა საფრანგეთის ალპებში, WRC-ის ნამდვილ ტრასებზე გაიარა ტესტირება და ნამდვილი GR Yaris Rally1-ის გვერდითაც დაიკავა ადგილი. პროექტით ისეთი პროფესიონალებიც კი მოიხიბლნენ, როგორებიც გუნდის ხელმძღვანელი იარი-მატი ლატვალა და პილოტები — ოლივერ სოლბერგი და სებასტიან ოჟიე არიან.

ეს შემთხვევა გვასწავლის, რომ შეზღუდული რესურსებით, მაგრამ დიდ მონდომებით, საკუთარი ავტოფარეხიდან პირდაპირ მსოფლიო რალის ეპიცენტრში შეიძლება მოხვდე...

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები