კოლექციონერმა (თითქმის) სტანდარტულ BMW M3-ში მოულოდნელად დიდი თანხა გადაიხადა
ავტომოყვარულებს შორის BMW M3-ის საუკეთესო თაობაზე კამათი არასდროს სრულდება — ზოგს E30-ის სიმსუბუქე ხიბლავს, ზოგს E46-ის კლასიკური ექვსცილინდრიანი ძრავა, თუმცა ბევრი მიიჩნევს, რომ V8 ძრავით აღჭურვილი E92 მოდელი ამ ხაზის მწვერვალია. ამ მოსაზრებას აშკარად იზიარებს კოლექციონერიც, რომელმაც Bring a Trailer-ის აუქციონზე ამ მოდელში წარმოუდგენელი თანხა გადაიხადა.
ასევე იხილეთ: BMW-ს ისტორიაში საუკეთესო ძრავები (ნაწილი 1)
E92 M3-ის ფასები ბოლო დროს სტაბილურად იზრდება და კარგ მდგომარეობაში მყოფი ეგზემპლარი 25 000-დან 60 000 დოლარამდე შეიძლება ღირდეს. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში აუქციონზე ნამდვილი ბრძოლა გაჩაღდა და საბოლოო ფასმა 205 392 დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის რომელიმე იშვიათი, შეზღუდული გამოშვების სერია (როგორიცაა GTS ან Lime Rock Park Edition) — საუბარი სტანდარტული კომპლექტაციის M3-ზეა ერთი მნიშვნელოვანი დეტალით: მას ექვსსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი აქვს.

ასეთი მაღალი ფასი ორმა ფაქტორმა განაპირობა — ავტომობილის ოდომეტრი მხოლოდ 1166 კილომეტრს აჩვენებს და ის პრაქტიკულად, ახალივით გამოიყურება. მანამდე Bring a Trailer-ზე ყველაზე ძვირადღირებული M3 133 000 დოლარად იყო გაყიდული, ხოლო ასეთი კომპლექტაციის, მაგრამ 117 000 კმ გარბენის მქონე მოდელი სულ რაღაც 40 000 დოლარად გაიყიდა.

ავტომობილის ახალი მფლობელისთვის ეს უკვე რიგით 33-ე M მოდელია. მან საკუთარი გადაწყვეტილება საჯაროდ განმარტა და აღნიშნა, რომ ავტომობილს არა გადაყიდვისა და მოგების მიზნით, არამედ პირადი ინტერესების გამო ყიდულობს. მისი თქმით, ის ამ მანქანის ტარებას არ აპირებს და ის კვლავ „ავტოფარეხის დედოფლად“ დარჩება. მათ კი, ვისაც E92-ის მართვა სურთ, კოლექციონერმა ურჩია, შედარებით დიდი გარბენის მქონე მოდელები ეძებონ.