Alfa Romeo-ს CEO: „მსოფლიოს ელექტრომობილებისთვის [ყველგან] მზად არაა“
ბატარეები აუცილებელი კომპონენტია, როდესაც საქმე ჰიბრიდ ავტომობილებს, plug-in ჰიბრიდებსა და სრულად ელექტრომობილებს ეხება. რა თქმა უნდა, სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად, Alfa Romeo-ში ელექტრიფიკაციის გეგმაზე აქტიურად მუშაობენ, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ მსოფლიო ამ ეტაპზე EV-ებზე გადასვლისთვის მზად არაა. ყოველ შემთხვევაში, ცალკეულ ქვეყნებში ეს თუ შესაძლებელია, ყველგან ჯერ ნამდვილად არა.

Autocar-თან ინტერვიუში Alfa Romeo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სანტო ფიჩილიმ განმარტა, რომ მომავალი თაობის Giulia-სა და Stelvio-ს შემთხვევაში, მათი კომპანია გლობალურ მიდგომას იყენებს. ფიჩილიმ აქვე აღნიშნა, რომ სრულად ელექტრომობილებზე გადასვლისთვის ჯერ მსოფლიოს ყველა რეგიონი მზად არაა. ამის ნაცვლად კი, ავტომწარმოებელმა მომხმარებელთა მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს და მათ ის პროდუქტი შესთავაზოს, რომელიც სჭირდებათ.
„გვჭირდება ვიპოვოთ გზა ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს BEV-ს (ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილები) და ყველა სხვა სახის ძალურ აგრეგატს, იქნება ეს შიგაწვის, PHEV თუ BEV. სწორედ ეს არის ჩვენი მიმართულებაც“, — განუცხადა Alfa Romeo-ს CEO-მ გამოცემას.
საინტერესოა, რომ სტრატეგიული ცვლილება რეალურად გადახვევაა Alfa Romeo-ს საწყისი გეგმიდან, რომელიც მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლას ითვალისწინებდა. ახლა უკვე მომავალი თაობის Giulia-სა და Stelvio-ს მყიდველებს არჩევანის საშუალება ექნებათ, რადგან მოდელები როგორც ჰიბრიდულ, ისე სრულად ელექტრო ვერსიებად გამოვა.

ორივე მოდელი STLA Large პლატფორმაზე დაფუძნდება და მიუხედავად იმისა, რომ ის თავდაპირველად სპეციალურად ელექტრომობილებისთვის შეიქმნა, სხვადასხვა ტიპის აგრეგატის, მათ შორის ჰიბრიდებისა და Plug-in ჰიბრიდების მხარდაჭერაც აქვს. თუმცა მსგავსი ტიპის პლატფორმის შემუშავებას დამატებითი საინჟინრო სამუშაოებიც დასჭირდა, რამაც მოდელების დებიუტიც გადაავადა.
საბაზისო ვერსიები სავარაუდოდ 4-ცილინდრიანი ტურბოძრავებით აღიჭურვება, რომლებიც mild-ჰიბრიდ სისტემას დაუკავშირდებიან. რაც შეეხება Plug-in (დამმუხტავ) ჰიბრიდებს, ისინი სავარაუდოდ 1.6-ლიტრიან ოთხცილინდრიან აგრეგატს გამოიყენებენ, უკანა ღერძზე დამონტაჟებულ ელექტროძრავასთან ერთად. ცნობისთვის, მსგავსი კონფიგურაცია STLA-ზე დაფუძნებულ სხვა მოდელებშიც გვხვდება.
ასევე დაგაინტერესებთ: ელექტრომობილების 8 პრობლემა, რომელსაც არავინ გაგიმხელთ
გარდა ტექნიკური ცვლილებებისა, Giulia-სა და Stelvio-ს ზომებიც შესამჩნევად იქნება გაზრდილი. აქამდე Giulia კომპაქტური ლუქს-სედანების სეგმენტში BMW 3 Series-ისა და Mercedes-Benz C-Class-ის კონკურენტად განიხილებოდა, ხოლო გაბარიტების ზრდა, წესით, Alfa Romeo-ს გეგმაა, რომ ეს მოდელები შედარებით მაღალ კლასში გადაიყვანოს.