ელექტრომობილი, ფორდი, ფორდ მუსტანგი, ფორდ მუსტანგ დრაგსტერი
Aa
Aa

ეს Ford Mustang "დრაგსტერი" მსოფლიოში უსწრაფესი ელექტრომობილია

ცოტა ხნის წინ Ford-მა რამდენიმე ახალი რეკორდით მიიპყრო ყველას ყურადღება. ავტომწარმოებელი სწრაფი დროების დაფიქსირებას განაგრძობს, რაც ალბათ არც არავის გვიკვირს, თუმცა ამჯერად მისმა მოდელმა სწორხაზოვანი რბოლის დისციპლინაში მოახერხა რეკორდის დამყარება.

საუბარი Ford-ის ახალ მოდელზე გვაქვს, უფრო სწორად — დრაგებისთვის შექმნილ საბრძოლო მოდელზე, რომელიც სრულად ელექტრომობილი გახლავთ. Mustang Cobra Jet 2200-ად წოდებულმა სრულად ელექტრო მხეცმა მეოთხედი მილის, შესაბამისად, დაახლოებით 402 მეტრის დაფარვა 6.87 წამში მოახერხა. ფინიშის გადაკვეთის მომენტისთვის კი მისი სიჩქარე 355 კილომეტრ საათს აღწევდა. ასე რომ, შეგიძლიათ მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ელექტრომობილს მიესალმოთ.

Mustang Cobra Jet 2200 იმ გამოცდილებით შეიქმნა, რომელიც Ford-მა Cobra Jet 1800-ზე მუშაობის დროს დააგროვა. ოთხი მძიმე ძრავის ნაცვლად, 2200 მხოლოდ წყვილი ელექტროძრავითაა აღჭურვილი. მიუხედავად ამისა, ეს საკმარისია, რომ მოდელის კომბინირებულმა სიმძლავრემ 1 800 ცხენის ძალიდან 2 200 ცხენის ძალას მიაღწიოს. შემცირდა დასამუხტად საჭირო დროც, ისევე როგორც ავტომობილის საერთო წონა.

გაუმჯობესდა ავტომობილის უსაფრთხოების ზომებიც — მათ შორის, მოდელი აღიჭურვა მექანიზმით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ავტომობილს ენერგიის მიწოდებას მინიმუმამდე უზღუდავს. შედეგად, მძღოლს, ტრასის მომსახურე პერსონალს ან ტექნიკურ გუნდს მომენტალურად მთავარი ელექტროკავშირის გათიშვის შესაძლებლობა აქვს.

თუმცა ყველაზე საინტერესო ამ მოდელის უნიკალური გადაბმულობის სისტემა და მრავალსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფია, რომელიც სტარტისას მოჭიდების უზრუნველსაყოფად გამოიყენება. შედეგად, ავტომობილი როგორც სტარტისას მაბრუნი მომენტის კონტროლს, ასევე ტრასაზე აჩქარების შემდეგ პირდაპირ გადაცემაზე გადასვლას ახერხებს.

ეს ნამდვილად შთამბეჭდავი მიღწევაა ელექტრომობილისთვის, თუმცა ალბათ ვერ შეედრება იმ შედეგს, რომელიც Rimac-მა თავისი სერიული Nevera-თი შემოგვთავაზა. ამ ელექტროჰიპერქარმა მეოთხედი მილის დაფარვა 7.9 წამში შეძლო, ხოლო 0-დან 100-მდე აჩქარებას სულ რაღაც 1.66 წამში მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები