რომელ ავტომობილებს იპარავდნენ 2025 წელს ყველაზე ხშირად?
2025 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილების ქურდობის შემთხვევები შემცირდა. სადაზღვევო დანაშაულის ეროვნული ბიუროს (NICB) მონაცემებით, გასულ წელს ავტომობილის დაკარგვის თაობაზე 659 880-მა პირმა განაცხადა, რაც წინა წელთან შედარებით მკვეთრი კლებაა. ამის მიუხედავად, მანქანის მოპარვის ფაქტი შარშან საშუალოდ ყოველ 48 წამში ფიქსირდებოდა და, გასული წლების მსგავსად, ქურდებს თავიანთი ფავორიტები ჰყავდათ.
2025 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე ხშირად მოპარული ავტომობილი Hyundai Elantra გახდა. საერთო ჯამში, აშშ-ის ტერიტორიაზე ამ მოდელის მოპარვის 21 700-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მეორე ადგილზეა Honda Accord-ი, რომელიც ქურდების სამიზნე შარშან დაახლოებით 18 ათასჯერ გახდა, მას კი მცირედით ჩამორჩება Hyundai Sonata — 17 687 შემთხვევა.

NICB-ის მონაცემების თანახმად, ზედიზედ უკვე მესამე წელია, Hyundai-სა და Kia-ს ავტომობილების ქურდობის მაჩვენებელი კლების ტენდენციას ინარჩუნებს. თუმცა, ამის მიუხედავადაც, ისინი კვლავ ჩამონათვალის ლიდერულ პოზიციებზე გვხვდებიან. ამის მიზეზი მათი მოპარვის სიმარტივეა, რაც ამ მოდელებს ქურდების მთავარ სამიზნეებად აქცევს. აქვე აღვნიშნავთ, რომ გასულ წელს Hyundai-სა და Kia-ს მოდელებზე მოპარული ავტომობილების საერთო რაოდენობის 14% მოდიოდა, მაშინ, როდესაც ეს მონაცემი ჯერ კიდევ 2023 წელს 23%-ს აღწევდა.
გასაკვირი არც ის ფაქტია, რომ გასულ წელს ყველაზე ხშირად მოპარული ავტომობილების სიაში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე გაყიდვადი მოდელებიც გვხვდება. მათ შორისაა Ford F-150 და Chevrolet Silverado, რომლებზეც მოპარული ავტომობილების დიდი წილი მოდის. ქურდობების ძირითადი ნაწილი კვლავ დიდ მეტროპოლიტენურ ზონებშია კონცენტრირებული.

რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია თქვენი ავტომობილი ქურდებისგან დაიცვათ, თუმცა დარგის სპეციალისტები წელსაც მძღოლებს შემთხვევების პრევენციისთვის რეკომენდაციებს აძლევენ. მათ შორის, მათი რჩევით, უმჯობესია, თუ პარკირებისთვის კარგად განათებული ადგილი იქნება შერჩეული, ან ისეთი, სადაც სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული. კარების ჩაკეტვა კი არ უნდა დაგვავიწყდეს იმ კრიმინალების შესაჩერებლად, რომლებიც იაფ ნადავლს ეძებენ. ან, სხვა თუ არაფერი, შეგიძლიათ უბრალოდ მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილი შეიძინოთ.
-
Hyundai Elantra – 21 732
-
Honda Accord – 17 797
-
Hyundai Sonata – 17 687
-
Chevrolet Silverado 1500 – 16 764
-
Honda Civic – 12 725
-
Kia Optima – 11 521
-
Ford F-150 – 10 102
-
Toyota Camry – 9 833
-
Honda CR-V – 9 809
-
Nissan Altima – 8 445