რიჩარდ ჰამონდმა ახალი Porsche 911 Turbo S გამოცადა და აღფრთოვანდა
რიჩარდ ჰამონდმა DriveTribe-ის ახალ ვიდეოში Porsche-ს უახლესი ქმნილება, 911 Turbo S (992.2) გამოცადა და მისი ვერდიქტი ზუსტად ისეთია, როგორსაც გერმანული ბრენდის ფანები ელოდნენ — ლეგენდა აღფრთოვანებულია. Top Gear-ისა და The Grand Tour-ის ყოფილმა წამყვანმა, რომელიც თავადაც ფლობდა Turbo S-ს და მისი გაყიდვის გამო სინანულიც არაერთხელ გამოუთქვამს, ახალი მოდელი შეაფასა არა როგორც უბრალო „რეკორდებზე მონადირე რაკეტა“, არამედ როგორც ძალიან სწრაფი ავტომობილი, რომლითაც რეალურ ცხოვრებაში გადაადგილებაც სიამოვნებაა.
ასევე იხილეთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
ჰამონდმა მართლაც საუკეთესოდ იცის, რა განასხვავებს Turbo S-ს სხვა მოდელებისგან. თუ GT3 მაღალ ბრუნებს, ხმაურსა და მძღოლისგან სრულ კონცენტრაციას ითხოვს, Turbo S უბრალოდ წყვეტს, რომ ჰორიზონტი ძალიან შორს არის და ამ პრობლემას წამებში აგვარებს.
2026 წლის მოდელი Porsche-ს T-Hybrid ეპოქაში გადაჰყავს. თუმცა, ეს არ არის ისეთი ჰიბრიდი, რომელიც პარკინგზე საწვავის დასაზოგად სისინით გადაადგილდება. გერმანულმა ავტომწარმოებელმა ელექტროენერგია არა ეკონომიურობისთვის, არამედ ძრავის კიდევ უფრო მეტად გასააგრესიულებლად გამოიყენა — 3.6-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავა ახლა 701 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს.
ოფიციალური მონაცემებით, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებასა ახალი Turbo S-ით 2.4 წამი სჭირდება, თუმცა რეალური ტესტებისას ავტომობილმა 2-წამიანი ნიშნულიც კი დააფიქსირა, რაც მას ჰიპერქარების ტერიტორიისკენ ამისამართებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰიბრიდულმა სისტემამ ავტომობილს წონა მოუმატა (დაახლოებით 80 კილოგრამით მეტია წინამორბედზე), თუმცა გზაზე ეს საერთოდ არ იგრძნობა. პირიქით, ახალმა Turbo S-მა ნიურბურგრინგის ტრასა 14 წამით უფრო სწრაფად გაიარა, ვიდრე ძველმა მოდელმა (7:03.92). ამაში მას განიერი საბურავები, აქტიური აეროდინამიკა და განახლებული დაკიდების სისტემა ეხმარება.
სწორედ ეს არის ის ყველაფერი, რამაც ჰამონდი ასე ძალიან მოხიბლა. Turbo S არასდროს ყოფილა ყველაზე ხმამაღალი ან „წმინდა“ 911, მაგრამ ის არის მოდელი, რომელიც ყოველთვის გასიამოვნებს. წვიმაშიც, საცობშიც, გრძელ მოგზაურობაშიც კი, ის კომფორტულია, მაგრამ როგორც კი ცარიელ გზას დაინახავს, ნამდვილ მონსტრად გადაქცევაც შეუძლია.