ავარია, მოტოციკლისტი, მოტოციკლი, ტესლა, ჰონდა სივიკი, ჰონდა
Aa
Aa

Tesla-ს კამერამ მოტოციკლის Honda Civic-თან შეჯახება დააფიქსირა

სამედიცინო სამყაროში მოტოციკლისტებს ხშირად ერთი, ცოტა არ იყოს, უტაქტო მეტსახელით მოიხსენიებენ — მათ „დონორებს“ უწოდებენ. ეს ტერმინი, რაც არ უნდა უხეშად და ცუდად ჟღერდეს, არანაკლებ სასტიკი რეალობაა. მძიმე ავარიებისა და ავტომობილებთან შეჯახების დროს მოტოციკლის მძღოლი, სრული აღჭურვილობითაც კი, ნაკლებად დაცულია დაშავებისა და მძიმე ტრავმებისგან.

კალიფორნიაში მომხდარი შემთხვევის ამსახველი ვიდეო, რომელიც ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა, ნათელი მაგალითია იმის, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება მოვლენები განვითარდეს. ინციდენტი Tesla-ს კამერებმა რამდენიმე რაკურსით დააფიქსირეს. ამ დროს ელექტრომობილი გზაჯვარედინზე იყო გაჩერებული და მოსახვევად დროს უცდიდა. თუმცა კამერებში ჩანს, რომ მარჯვენა მხრიდან მომავალი Honda Civic-ი მარცხენა მიმართულებით უხვევს და, სავარაუდოდ, საპირისპირო ზოლში მომავალ მოტოციკლისტსაც ვერ ამჩნევს.

მაშინვე, როგორც კი Honda-მ მოხვევა სცადა, მოტოციკლისტი გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მანევრირებისთვის საჭირო სივრცე ან დასამუხრუჭებელი დრო აღარ ჰქონდა. შედეგად, მოტოციკლი მთელი სისწრაფით ავტომობილის წინა მარცხენა ფარს შეეჯახა. კადრებში ჩანს, რომ მოტოციკლისტი დაცემიდან წამებში ფეხზე წამოხტა, ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ეს კი, დიდი ალბათობით, ადრენალინის მოზღვავების შედეგი იყო.

ვიდეოს ავტორის თქმით, მოტოციკლისტის რეაქცია ხანმოკლე აღმოჩნდა — მოგვიანებით მან მეტყველების უნარიც კი დაკარგა და ტროტუარზე დაეცა. საბოლოოდ, სასწრაფო დახმარების ბრიგადას შემთხვევის ადგილიდან მისი გაყვანა საკაცით დასჭირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები